მსოფლიო

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას ყარაბაღში ახალი სიმაღლეები დაიკავა

05.08.22 12:30


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 აგვისტოს, მთიანი ყარაბაღის დანაყოფების საპასუხოდ სპეცოპერაციისას რამდენიმე სიმაღლე დაიკავა.

 

“სომხეთის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსებული არიან რუსი სამშვიდობოები, ჩაიდინეს ტერორიზმის აქტი და პროვოკაციები, რომლის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანული არმიის სამხედრო მოსამსახურე ანარ ქიაზიმოვი. გარდა ამისა, იყო მცდელობა დაეკავებინათ გირჰგიზის სიმაღლე და იქ საბრძოლო პოზიციები გაემაგრებინათ. საპასუხო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა ყარაბაღის ქედის გასწვრივ სიმაღლეებზე”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

3 აგვისტოს ახალი შეტაკება მოხდა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების შეხების ზოლში – მხარეთა ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი და ორი სომეხი ჯარისკაცი, 10 -ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი დაჭრილია. სიტუაციის ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სტეპანეკერტის ცნობით, რომელმაც ყარაბაღში აღნიშნული ფაქტის შემდეგ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ბაქომ თავდასხმისთვის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

 

იქამდე, 2 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანმა ყარაბაღში, რუსი სამშვიდოებოების განლაგების ზონაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია. ამჟამად კი, რუსული მხარის განცხადებით, სიტუაციის ესკალაციისთვის ზომებს იღებენ.

 

ყარაბაღში 44- დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

 

მას შემდეგ ბაქოს არაერთი განცხადება გაუკეთებია იმის შესახებ, რომ სამმხრივი შეთანხმება, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის დამთავრებას დაედო საფუძვლად, არ სრულდება, ვინაიდან აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დროებით რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ, სომხური შეიარაღებული ძალები კვლავაც შეიმჩნევიან, რასაც სომხური და რუსული მხარეები უარყოფენ.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები