პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: საელჩო „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნებზე რეფერენდუმს თვეობით სთხოვდა, მაგრამ ხელისუფლებამ რეფერენდუმის 43-პროცენტიანი ბარიერით ჩანაცვლება მოახერხა, ბარიერი გადალახა და საელჩოსთან ეს ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულა

11.08.22 15:00


ამერიკის საელჩო „ქართულ ოცნებას“ თვეების მანძილზე რიგგარეშე არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას სთხოვდა, მაგრამ ხელისუფლებამ რეფერენდუმის 43-პროცენტიანი ბარიერით ჩანაცვლება მოახერხა, ბარიერი გადალახა და საელჩოსთან ეს ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულა,-ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

 

„რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო. ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ სუფთად ჩაატარა და ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მისი არალეგიტიმურად ცნობისათვის საბაბიც კი არ დაუტოვა. თუმცა, მოხდა გაუგონარი რამ, საერთაშორისო მისიების დასკვნების წინააღმდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნების შესახებ დებატებს მუდმივად გაურბოდა, მანამდე კი მათ 200 საარჩევნო უბნის გადათვლაზეც თქვეს უარი. ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ სინამდვილეში ოპოზიციას არჩევნების შესახებ სათქმელი და დასამტკიცებელი არც არაფერი ჰქონდა. ამის მიუხედავად, საელჩომ თავისივე ფავორიტი რადიკალური ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეყვანა „ვერაფრით მოახერხა“. ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა.

 

ოპოზიციის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგებზე იყო აგებული, რომლის გაყალბება საელჩომ, ყველანაირი ლოგიკით, არჩევნებამდე დაგეგმა. ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ინფორმაცია ცდომილების შესახებ USAID-ის თანამშრომლებს ნოემბერში უკვე ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ცდომილება მხოლოდ 11 დეკემბერს იქნა აღიარებული.


არსებითად სწორედ გაყალბებულ პარალელურ ხმის დათვლას დააფუძნა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლა, რაც ამერიკის საელჩომ მყისიერად „პოლიტიკურ კრიზისად“ გააფორმა და ხელისუფლებისგან ამ კრიზისის დაძლევა მოითხოვა.

საკმარისი იყო, საელჩოს დაედასტურებინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა ავტომატურად პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს და ოპოზიციაც საბოტაჟს მაშინვე შეწყვეტდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, დაიწყო კიდევ ერთი თავსმოხვეული მოლაპარაკებები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. 19 აპრილის შეთანხმების თავს მოხვევით, საელჩომ ჩვენი სახელმწიფო გარკვეულწილად გაიყვანა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისადმი მის უდიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

 

მთლიანობაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაზე იყო საელჩოს სერიოზული ზეწოლა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ დანის პირზე წარმატებით გაიარა“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები