ეკონომიკა

სურსათის ფასები მცირდება, თუმცა მოსალოდნელია მარცვლეულის წარმოების შემცირება – FAO

02.09.22 16:30


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო სურსათის ფასების ბარომეტრი უკვე მეხუთე თვეა, მცირდება ძირითადი საკვები პროდუქტების ფასების კლების ფონზე.

 

აგვისტოში FAO-ს საერთაშორისო სურსათის ფასის ინდექსმა 138.0 ქულა შეადგინა, რაც ივლისთან მიმართებაში 1.9 პროცენტით ნაკლებია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელზე 7.9 პროცენტით მეტი. ინდექსი ასახავს ძირითადი საკვები პროდუქტის საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს.

 

FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 1.4 პროცენტით შემცირდა გასულ თვესთან შედარებით. ასეთი ტენდენცია, დიდწილად, ხორბლის საერთაშორისო ფასის 5.1 პროცენტიანი კლებით არის გამოწვეული, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და რუსეთის ფედერაციაში წარმოების გაუმჯობესებულ პერსპექტივებსა და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტის განახლებას უკავშირდება. ბრინჯის ფასები, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. სხვა სახის მარცვლეულზე გამოცხადებულმა ფასებმა მხოლოდ 0.2 პროცენტით მოიმატა. ამავდროულად, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის გამყარებული ფასები დაბალანსდა ქერის და სორგოს დაბალი ფასებით, ცხელი, მშრალი სეზონიდან გამომდინარე.

 

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი აგვისტოში 3.3 პროცენტით ნაკლები იყო და გასული წლის ამავე პერიოდთან მიმართებაშიც შემცირდა. სოიოს ზეთის მსოფლიო ფასებმა მოიმატა, რაც ნაწილობრივ გამოიწვია წარმოებისთვის ცუდი ამინდების გავლენის გამო წარმოქმნილმა მღელვარებამ. . თუმცა, სოიოს ზეთის ფასების მატება დაბალანსდა პალმის, მზესუმზირისა და რაფსის ზეთების შემცირებული ფასებით, რაც დაკავშირებულია შემცირებული ექსპორტის გადასახადიდან გამომდინარე ინდონეზიიდან შემოსული პალმის ზეთის რაოდენობრივ ზრდაზე. უკრაინული პორტებიდან მზესუმზირის ზეთის გადაზიდვის ეტაპობრივი განახლებაც პირდაპირ კავშირშია სოიოს ზეთის ფასების ზრდასთან.

 

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 2.0 პროცენტით შემცირდა აგვისტოში. გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 23.5 პროცენტით არის გაზრდილი. ყველის საერთაშორისო ფასები უკვე მეათე თვეა, რაც მატულობს. თუმცა, რძის ფასების ზრდა ახალი ზელანდიიდან გაზრდილი მოწოდების მოლოდინიდან გამომდინარე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოება შემცირებულია.

 

FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი ივლისის შემდეგ 1.5 პროცენტით შემცირდა. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 8.2 პროცენტით უფრო მაღალია. აგვისტოში, ფრინველის ხორცის საერთაშორისო ფასებმა იკლო, გაზრდილი გლობალური ექსპორტის შესაძლებლობების ფონზე. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხორცის ფასებიც დაეცა, რაც დაკავშირებულია წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნების შიდა ბაზრებზე შემცირებულ მოთხოვნასთან. ღორის ხორცის ფასებმა მოიმატა.

 

შაქრის ინდექსი შემცირებულია 2.1 პროცენტით, რაც ყველაზე დაბალ ნიშნულს წარმოადგენს ერთი წლის ჭრილში. ინდექსის კლებაზე ბრაზილიაში ეთანოლის ფასის ვარდნამ და ინდოეთში დაწესებულმა ექსპორტის მაღალმა ზედა ზღვარმა იმოქმედა.

მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.


2022 წელს მარცვლეულის შემცირებული წარმოების პროგნოზი

FAO-მ ასევე გამოსცა 2022 წლის მარცვლეულის წარმოების პროგნოზი. მარცვლეულის მიწოდებისა და მოთხოვნის ანგარიშში, გასულ წელთან შედარებით, მარცვლეულის მსოფლიო წარმოების 38.9 მილიონი ტონით – 1.4. პროცენტით – შემცირება არის ნავარაუდები.

 

დაღმავალი გადასინჯვის ძირითადი ნაწილი ეხება მსხვილ მარცვლეულს. სიმინდის მოსავლიანობა ევროკავშირში, ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, სავარაუდოდ, 16 პროცენტით შემცირდება და ამის მიზეზი, განსაკუთრებულად ცხელი და მშრალი ამინდია. FAO-მ ხორბლის მსოფლიო წარმოების პროგნოზი გაზარდა 777 მილიონ ტონამდე, რაც უმნიშვნელო ვარდნაა 2021 წელთან შედარებით. პროგნოზი ეყრდნობა რუსეთის ფედერაციაში რეკორდული მოსავლის მოლოდინსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხელსაყრელ ამინდს. ბრინჯის გლობალური წარმოება, შესაძლოა, 2.1 პროცენტით შემცირდეს 2021 წელს დაფიქსირებულ ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ინდოეთსა და ბანგლადეშში ნალექების არათანაბარი განაწილებით არის გამოწვეული.

 

2022/2023 წელს, 2 792 მილიონი ტონა მარცვლეულის მსოფლიო ათვისება არის ნავარაუდები. ამასთანავე, 2023 წლის სეზონის დასასრულისკენ, მარცვლეულის გლობალური მარაგი 2,1 პროცენტით, 845 მილიონ ტონამდე შემცირდება. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მარცვლეულის მსოფლიო მარაგების მოხმარებასთან თანაფარდობა მცირედით დაეცეს 2021/22 წლებში – 30,9 პროცენტიდან 29,5 პროცენტამდე.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები