ეკონომიკა

2022 წლის მარტ-ივნისში 2019 წელთან შედარებით საქართველოში რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე დარჩა – IDFI

07.09.22 15:30


“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” [IDFI] თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, საქართველოში შემოსული რუსეთის, ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეების რიცხვმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმატა. ამასთან, იმატა ამ ქვეყნებიდან შემოსული და საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების რაოდენობამაც.

 

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის მარტ-ივნისში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთის 16 476-ით მეტი, ბელარუსის 11 531-ით მეტი, ხოლო უკრაინის 10 373-ით მეტი მოქალაქე დარჩა (აღნიშნული რაოდენობა ანგარიშდება ქვეყანაში შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობის გამოთვლით).

 

IDFI-ის თანახმად, საერთო ჯამში, აღნიშნულ თვეებში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 277 698, უკრაინის 74 385 და ბელარუსის 54 147 მოქალაქე.

 

ხოლო საქართველოში დარჩა რუსეთის მოქალაქეობის მქონე 49 505 ადამიანი [18%], ბელარუსის 15 237 მოქალაქე [28%], ხოლო უკრაინის 15 050-ით მეტი მოქალაქე [20%].

 

IDFI აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. მაგალითად, 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 13%-ით, ბელარუსის მოქალაქეების 11%-ით, უკრაინის მოქალაქეების შემთხვევაში კი – 14%-ით.

 

25 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდში, საქართველოში შემოსვლის შემდეგ მინიმუმ ერთი თვის თავზე ქვეყანა არ დაუტოვებია რუსეთის 42 577 მოქალაქეს, უკრაინის 15 585 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის 10 554 მოქალაქეს.

 

რაც შეეხება შემოსვლის მიზეზებს, IDFI-მ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. საქსტატის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით რუსეთის მოქალაქე ვიზიტორთა პროცენტული წილი 58%-დან 45%-მდე შემცირდა, ხოლო მეგობრების და ნათესავების მონახულებისთვის ჩამოსულთა წილი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.

 

ასევე, საქსტატის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგდა რუსეთის მოქალაქეების ვიზიტისას გათეული ღამეების რაოდენობა.

 

რაც შეეხება საქართველოში შემოსვლაზე უარს, 2022 წლის მარტ-ივნისში ქვეყანაში არ დაუშვეს რუსეთის 3 036 [შემოსვლის მსურველთა 1%], უკრაინის – 135 [შემოსვლის მსურველთა 0.18%] და ბელარუსის – 41 მოქალაქე [მსურველთა 0.08%].

 

IDFI განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ მონაცემებში, მოთხოვნის შესაბამისად არ იყო მითითებული ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

„სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა არ იძლევა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მიზნით წარმოებული სტატისტიკა, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, ნაკლებად ასახავს რეალურ სურათს. შესაბამისად ამ კუთხით არსებული გამოწვევების სრულფასოვანი შეფასება მნიშვნელოვნად გართულებულია.

 

თუმცა, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით IDFI მიიჩნევს, რომ რუსეთის და ბელარუსი მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მზარდი ტენდენცია წარმოადგენს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით“ – განმარტავს IDFI.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები