ანალიტიკა

აფხაზი ახალგაზრდები ბიჭვინთის „საჩუქრად“  კრემლისთვის გადაცემის წინააღმდეგ არიან

08.09.22 11:20


აფხაზეთში ახალგაზრდები სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს აფხაზების მოტყუებული უფროსი თაობის სეპარატისტულ „ღირებულებებს“. ძირითადად სწორედ აქედან მომდინარეობს სეპარატისტებსა და ახალგაზრდა თაობას შორის გაუგებრობა. პროპაგანდას, რომელშიც საქართველოს მიმართ სიძულვილი და სეპარატისტული ლოზუნგები „თავისუფლებისთვის ბრძოლაზე“ ერთმანეთშია გადაჯაჭვული თეზისებთან „რუსეთთან ურყევი მეგობრობის“ შესახებ, სულ უფრო ნაკლებად იზიარებენ ახალგაზრდა აფხაზებს. უფრო მეტიც, ისინი თავადაც მშვენივრად ხედავენ თუ როგორ იღუპება ამ ლოზუნგების საფარქვეშ მათი ხალხი, ყვავის ამაზრზენი კორუფცია და სოციალური უსამართლობა. "მეგობრულად განწყობილი" რუსეთი კი აფხაზეთში ოკუპანტივით იქცევა, ანგარიშს არ უწევს აფხაზი ხალხის ინტერესებს, ცდილობს მიიტაცოს საუკეთესო აფხაზური მიწები.

 

ახალგაზრდა აფხაზებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ბიჭვინთას ართმევენ და ხვდებიან, რომ აფხაზეთი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. სეპარატისტულმა „ვეტერანთა“ ორგანიზაციებმაც, რომლებიც თავშეკავებით აპროტესტებდნენ ბიჭვინთის გადაცემას, უკვე გამართეს თავიანთი შეკრებები და ცდილობდნენ მიემართათ რუსეთის ხელისუფლებისთვის და თავად რუსეთის პრეზიდენტისთვის - ვლადიმერ პუტინისთვის, ამასთან გამუდმებით იმეორებდნენ „რუსეთთან მეგობრობის“ შესახებ თეზისებს.

 

ბევრმა თავიდანვე თქვა, რომ თითქოს პუტინმა "არ იცის და ვერ აცნობიერებს", რომ "არ არის კარგი" ბიჭვინთის "დამოუკიდებელი" აფხაზეთისთვის ჩამოშორება და თითქოს მან ამის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, სოხუმში ე.წ. რუსეთის "ელჩმა" ნათლად და ცალსახად თქვა, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურდა ბიჭვინთის აღება და დაიმუქრა კი არა მხოლოდ სეპარატისტული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტით, არამედ რუსი სამხედრო ბაზის  გაყვანითაც.

 

„ვეტერანებისგან“ განსხვავებით, ახალგაზრდა აფხაზებს, როგორც ჩანს ესმით, რომ მათი მშობლიური მიწა ოკუპირებულია. ისინი ხედავენ, რომ ოკუპაციის პირობებში და ამჟამინდელი მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმის შენარჩუნების პირობებში, მათ მცირე პერსპექტივა აქვთ - სიკვდილი შორეულ უკრაინაში კრემლის მიერ გაჩაღებულ ომში ან სიღარიბე, უმუშევრობა და უუფლებობა მშობლიურ მიწაზე, სადაც საუკეთესო კუთხეებს ოკუპანტები მიითვისებენ და ძირძველ მოსახლეობას იქ უბრალოდ არც შეუშვებენ.

 

როგორც ჩანს, ახალგაზრდა აფხაზებს უკვე აღარ აქვთ განსაკუთრებული ილუზიები, რომ ოკუპანტების ხელმძღვანელობამ „არ იცის, რომ კანონები ირღვევა“. მან ყველაფერი კარგად იცის.

 

შედეგად, 2022 წლის 5 სექტემბერს სოხუმში გაიმართა აფხაზების პირველი საპროტესტო აქცია რუსი ოკუპანტების მოთხოვნებისა და პრეტენზიების წინააღმდეგ აფხაზურ-ქართულ მიწაზე. მართალია, მიტინგზე რუსეთისთვის პირდაპირ არ უწოდებიათ  ოკუპანტი, მაგრამ ლოზუნგების ტონალობას არაფერი ჰქონდა საერთო წინა ცრუ განცხადებებთან „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ შესახებ.

 

სოხუმის ცენტრში აფხაზი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია - ფლეშმობი გამართა სეპარატისტული „პარლამენტის“ მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ. „გვსურს, ყველას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მომხრე ვართ აფხაზეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი მიწის ნაკვეთების კონსერვაციაზე! ეს ქმედება მშვიდობიანია და გამოწვეულია მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვინდა მაგალითით ვაჩვენოთ, რომ საკუთარი პოზიციის დემონსტრირება არ არის საშიში, ეს მნიშვნელოვანია და აუცილებელია. შემდგომში, მოხარულნი ვიქნებით თუ მხარს დაგვიჭერთ, ინიციატივას გამოიჩენთ  და იდეებს მოგვაწვდით შემდეგი აქციების ჩატარებაში. ნუ გავჩუმდებით! ეს აქცია არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის, პარტიისა და ძალის მიერ ინიცირებული“, - ასეთი იყო ახალგაზრდა აფხაზების განცხადება.

 

ფლეშმობის დასასრულს, 20-მდე ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ჯგუფმა სოხუმის ქუჩებში რუსულ და აფხაზურ ენებზე პლაკატებით გაიარა. პლაკატებზე, კერძოდ, რუსულ ენაზე ეწერა: "ჩვენ გვჯერა აფხაზეთის", "დაიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები", "ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს", "დავთმობთ მიწას = დავკარგავთ თავისუფლებას", "რატომ ვუთმობთ ჩვენს სახლში?" და სხვა. აქტივისტები რამდენიმე ადგილას შეჩერდნენ, მათ შორის სოხუმის ადმინისტრაციასთან.

 

საინტერესოა, რომ აქციაში მონაწილე ერთ-ერთ აფხაზ გოგონას ტრადიციული მუსლიმური სამოსი ეცვა. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან სეპარატისტული რეჟიმი და ოკუპანტები თრგუნავენ ახალგაზრდა აფხაზების რელიგიურ გრძნობებს, როგორც ქრისტიანების ისე მუსულმანების. სეპარატისტული იდეოლოგია მფარველობს რელიგიურ ორგანიზაციებს "უფს-ის მეთვალყურეობის ქვეშ", ისევე როგორც პრიმიტიული წარმართობის აღორძინებას. ამავდროულად, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიები, საიდანაც განდევნეს მთელი კანონიკური ქართველი სამღვდელოება, უკანონოდ გადაეცა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ „უცხო“ მღვდლებს, რომლებიც ამპარტავნულად და ზიზღით არიან განწყობილნი აფხაზების მიმართ, ხოლო აფხაზ მუსლიმებს არ აქვთ უფლება ააგონ მეჩეთი. ეს მიზანმიმართულად კეთდება, ოფიციალურად კი აცხადებენ რა "მუჰაჯირთა შთამომავლების რეპატრიაციას", სეპარატისტულ ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ მათი უმრავლესობა მუსლიმია. აფხაზეთში ჩასვლისას მუჰაჯირები რელიგიურ სფეროში უუფლებობას შეეჩეხებიან. მეორე მხრივ, სწრაფად მზარდი სომხური სათვისტომო გააქტიურდება, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მისი განზრახვის შესახებ, აშენდეს კიდევ ერთი სომხური ეკლესია ცანდრიფშში.

 

ცხადია, უსაფრთხოების მიზნით, ახალგაზრდებს თავიანთ აქციაზე შეგნებულად არ უხსენებიათ არც საქართველო და არც მოძმე ქართველ ხალხთან შერიგების აუცილებლობა. მართლაც, ამ შემთხვევაში, მათ მაშინვე დაადანაშაულებდნენ „ღალატში“ და „ქართულ სპეცსამსახურებსა და ნატოში მუშაობაში“, შესაძლოა ციხეშიც ამოეყოთ თავი.

 

მაგრამ ერთმანეთში, ახალგაზრდა აფხაზები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში გაცილებით მეტი რეალური თავისუფლება და შესაძლებლობებია ახალგაზრდებისთვის, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ საქართველო „ღიაა მსოფლიოსთვის“, განსხვავებით სეპარატისტული გეტოსგან, რომელიც აფხაზეთში ოკუპანტებმა და მათმა მარიონეტულმა სოხუმის რეჟიმმა დაამყარა. ასევე აცნობიერებენ იმასაც, რომ თუ არსებული სეპარატისტული რეჟიმი შენარჩუნდება, საუკეთესო შემთხვევაში, ახალგაზრდა აფხაზებს აქვთ პერსპექტივა, რომ იქცნენ უუფლებო „ხელის ბიჭებად“ მაღალი რანგის ოკუპანტებისა, რომლებიც იპყრობენ აფხაზურ მიწას. თუმცა, დროთა განმავლობაში დიდი ალბათობით გააცნობიერებენ იმასაც, რომ აფხაზები შეძლებენ შეინარჩუნონ თავიანთი მიწა და იდენტობა მხოლოდ ქართველ ხალხთან ერთიან სახელმწიფოში, აფხაზეთის სრული დეოკუპაციის პირობებში.

 

 

 

ვარდენ წულუკიძე

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები