მსოფლიო

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

09.09.22 11:20


96 წლის ასაკში გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. ბუკინგემის სასახლეზე დროშები დაუშვეს.

 

„დედოფალი გარდაიცვალა მშვიდად ბალმორალის ციხესიმაგრეში დღეს შუადღისას“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

 

დღეს შუადღისას ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმები შეშფოთებულები არიან და მას სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება. ამის შემდეგ სასწრაფო წესით შოტლანდიაში გაემგზავრნენ დედოფალ ელისაბედ მეორის ოჯახის წევრები. ბალმორალის ციხესიმაგრეში ჩავიდა პრინცი ჩარლზი, ასევე პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი.

 

დედოფალი ელისაბედ მეორე დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. ელისაბედმა განათლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა 1937 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო.

 

ელისაბედი 1947 წელს დაქორწინდა პრინც ფილიპზე, რომლისგანაც ჰყავს ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი.

 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები