საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე - სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი

14.09.22 14:00


კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირება არის მოსალოდნელი, პროგნოზი კი საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებას და ლარის კურსის გამყარებას უკავშირდება.

 

მისი თქმით, საწვავის ფასის შემცირება აგვისტოში დაიწყო და ეს ტენდენცია სექტემბერშიც ნარჩუნდება. კერძოდ, როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, აგვისტოში საწვავზე ფასი დაახლოებით, 30-40 თეთრით შემცირდა, სექტემბრის თვეში კი გარკვეულმა კომპანიებმა საწვავის საფასური 5 თეთრის ფარგლებში შეამცირეს.

 

„აგვისტოს თვე ფასების კლების ტენდენციით გამოირჩევა. ყველა ტიპის საწვავზე, აგვისტოში დაახლოებით, 30-დან 40 თეთრამდე კლება მოხდა. ეს ეხება პრემიუმს, რეგულარს, დიზელის საწვავს. სექტემბრის თვეში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ფასები შემცირებული აქვს დაახლოებით, 5-თეთრიან შუალედში, თუმცა ჩვენი მოლოდინი სექტემბერში არის, რომ ფასები კიდევ უნდა დაკორექტირდეს შემცირების მიმართულებით,“ - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

 

მისივე განცხადებით, საქართველოში საწვავის დიდი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება.

 

„1-ელი სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით, 40% რუსეთიდან შემოვიდა. დაახლოებით, 30% რუმინეთიდან, შემდეგ მოდის ბულგარეთი, აზერბაიჯანი და ძალიან მცირე წილია თურქმენეთის. რუსეთიდან იმპორტი იმიტომ არის გაზრდილი, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, იაფი საწვავის წყაროა. რუსული საწვავის თვითღირებულება ევროპულთან შედარებით, დაახლოებით, 30-40 თეთრთ იაფია,“ - აღნიშნა ლექვინაძემ.

 

მისი თქმით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს სავარაუდოდ, წლის ბოლოს დადებს. სააგენტომ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება, ვალუტის კურსის გამყარება და საწვავის იმპორტის გაიაფება რატომ არ აისახა ადგილობრივ ბაზარზე აგვისტომდე.

 

„ორი საინტერესო პერიოდია, რაც ასევე კომპანიების მიმართ ჩვენი შეკითხვის მთავარი ამბავია. პირველი - აპრილის პერიოდში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იკლებდა, ვალუტის კურსი მყარდებოდა, საქართველოში გაიაფებული საწვავის შემოდინება ფიქსირდებოდა, როგორც ევროპიდან, ასევე არაევროპული ქვეყნებიდან გაიაფებული იმპორტის ასახვა საცალო ბაზარზე შესაბამისად არ მოხდა, განსაკუთრებით აპრილის პერიოდში მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამ პერიოდში ფასები შემცირდა. მეორე საკითხი ეს იყო ივნის-ივლისის პერიოდი, როდესაც ივლისშიც ასევე ფიქსირდება ფასების კლება, ფიქსირდება საქართველოში გაიაფებული საწვავის შემოდინება, კურსი მნიშვნელოვანი გამყარების ტრენდს აჩვენებს, თუმცა მთელი ივლისის პერიოდში საცალო ბაზარზე ფასების ცვლილება არ მომხდარა. აქ უკვე ჩვენ გადავედით მოკვლევის ეტაპზე, დაახლოებით აგვისტოს მეორე ნახევრიდან,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები