პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი - ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოსთხოვს, დაადასტურონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის პრინციპის პატივისცემა

29.09.22 13:00


ალექსანდრე ლუკაშენკომ უკვე განაცხადა, რომ აღიარებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას მაშინ, როდესაც ამისთვის იქნება შესაბამისი პოლიტიკური მომენტი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

 

„დღეს აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი ემზადება იმისთვის, რომ ბელორუსთან ერთად და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თანამონაწილეობით, იმ მიწების მითვისებით, რასაც მოახერხებს, რომ უკრაინას წაჰგლიჯოს, შექმნას ახალი გაერთიანება. სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია ლუკაშენკოს ვიზიტი და ჩვენი შეხედულებით საფრთხე, რომ ბელორუსი რეალურად განიხილავს უკვე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას, ძალიან ხელშესახებია. ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, არის სრულიად არაადეკვატური ამ გამოწვევის გასანეიტრალებლად. უკვე უნდა იყოს გამოწვეული მინსკიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის. ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოსთხოვს, დაადასტურონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის პრინციპის პატივისცემა. თუ ეს არ მოხდება, ბელარუსის ელჩი ასევე უნდა იყოს გაწვეული ქვეყნიდან კონსულტაციებზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, ამავე დროს შემაკავებელი ერთადერთი მექანიზმი არის საერთაშორისო წნეხი.

 

„ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს გაგზავნილი მოთხოვნები შესაბამისად გარო-ში, ეუთო-ში, ევროკავშირში, რომ დაბარებული იყოს ბელარუსის ელჩი და ამ ორგანიზაციებში ელჩები უნდა იყვნენ გაფრთხილებული. მათი მხრიდან აღიარების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები გამოიწვევს სანქციების რეჟიმის ისეთ გამკაცრებას, რომ გამოუსწორებელი დარტყმა მიადგება ბელარუსის ეკონომიკას.

 

ვითარება აქამდე იმიტომ მივიდა, რომ ათი წელიწადია, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ატყუებს, თითქოს შეძლო ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან. რეალური შედეგი რაც არის, ჩვენ ამას დღესაც ვხედავთ.

 

გარდა ამისა, ჩიხში შეიყვანა ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ ვერც ახალი მოტივაცია და სტიმული ვერ შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით და რბილი ძალის გამოყენებით რაიმე შედეგი დაგვედო მოლაპარაკებებში ოკუპირებულ ტერიტორიებში ჩვენს თანამოქალაქეებთან“,- განაცხადა სამადაშვილმა.

 

როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები