პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - ყველამ კარგად გაიგო, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა უკუშედეგს იძლევა - საქართველო უნდა მიუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მათ შორის, ლუკაშენკოს წინააღმდეგ

29.09.22 14:00


ყველამ კარგად გაიგო, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს და უკუშედეგს იძლევა, საქართველო უნდა მიუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მათ შორის, ლუკაშენკოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ბელარუსთან.

 

"ჩვენი ფრაქციის, პარტიის და მოქალაქეთა დიდი ნაწილის სახელით მინდა გამოვეხმაურო ბელარუსი დიქტატორის ჩასვლას აფხაზეთში, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და იქ დიქტატორის ჩასვლა და ე.წ. მოლაპარაკებების გამართვა არის ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს ასევე იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული დათბობის პოლიტიკა რუსეთთან საერთოდ არაფრის მომტანია, ვინაიდან ლუკაშენკო - ბელარუსი დიქტატორი, არის ადამიანი, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებას.

 

მთელი ეს პერიოდი, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა და მკაცრი გაფრთხილებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მკაცრი და მკვეთრი პოლიტიკა ჰქონოდა უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მიმართ. შევახსენებ საზოგადოებას რეზოლუციას, რომელშიც არ ახსენეს რუსეთის ფედერაცია, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. მაგრამ ახლა დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ხელისუფლების მიერ, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდება კრემლის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. სამარცხვინო რეფერენდუმების ჩატარების ფონზე, რაც საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად მხოლოდ "ტვიტერის" განცხადებებით აქვს დაგმობილი", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

მისივე თქმით, „მიზანმიმართულად შეჩერებული არაღიარების პოლიტიკის ძალიან მწვავედ წარმოება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს, ასევე, ბელარუსიდან უნდა იქნას გამოწვეული სწრაფად ელჩი“.

 

„უნდა გაუქმდეს ლუკაშენკოს სახელმწიფო ინსტიტუტთან დადებული ყველა ხელშეკრულება, რომელიც რეალურად არის დამაზიანებელი ქვეყნის ინტერესებისთვის და ეს ეხება პირველ რიგში „კგბ“- სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. უნდა შეწყდეს ავიაგადაზიდვები, პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები