პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა

29.09.22 16:30


პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი 30 სექტემბრიდან იწყება და კანდიდატების წარდგენა 20 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

 

წელიწადზე მეტია, რაც იუსტიციის საბჭოში 15 წევრიდან ხუთი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტმა არამოსამართლე წევრები 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.

 

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

 

პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან: საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები