პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

24.05.16 20:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა.

საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს შეეხო.

პრემიერის თქმით, მთავრობა, ნატო-ს ვარშავის სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.

შეხვედრისას საერთაშორისო მისიებში - ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ქართველი სამხედროების მონაწილეობა ხაზგასმით აღინიშნა. გენერალმა კოსტარაკოსმა ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი დადებითად შეაფასა.

უწყების ცნობით, საუბრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც დაეთმო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო აღშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

ამ კონტექსტში საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის, საქმიანობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

შეხვედრაზე საუბარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის როლსაც შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელსაც თბილისი 24-25 მაისს მასპინძლობს, მადლობა გადაუხადა.


წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები