ანალიტიკა

რუსეთი სომხეთის "დაცვას" ევროკავშირსა და ირანს უთმობს

20.10.22 15:00


ბოლო დღეებში სამხრეთ კავკასიაში, ერთის მხრივ შეიმჩნევა ტენდენციები მშვიდობის დამყარებისა და კომუნიკაციების განბლოკვისკენ, მეორეს მხრივ კი ახალი რისკები გაჩნდა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ევროპელი დამკვირვებლების განლაგება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ  თანაც სომხეთის მხრიდან.

 

ევროკავშირმა გადაწყვიტა 50-მდე მონიტორინგის ექსპერტი გაგზავნოს სომხეთში აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ, რეგიონში არსებული მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ოთხმხრივ შეხვედრას პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს შორის, რომელიც გაიმართა 6 ოქტომბერს პრაღაში.

 

რა თქმა უნდა თუ პროვოკაციებს არ ექნება ადგილი, მაშინ სომხეთში აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ განლაგებულ ევროკავშირის მისიას შეუძლია დაეხმაროს საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციაში და ტრანსსასაზღვრო კომუნიკაციის, იგივე ზანგეზურის დერეფნის გახსნაში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომეხი ნაციონალისტები და რევანშისტები, სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მიზნით, მსგავს მისიებს ყოველთვის თავდასხმებითა და პროვოკაციებით ხვდებოდნენ. შედეგად, დამკვირვებლები შეიძლება გახდნენ ამ პროვოკაციების პოტენციური მონაწილეები. დამკვირვებლები ადვილად შეიძლება „გაწირონ“ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცეცხლის ორგანიზებით მათი მდებარეობიდან საპასუხო ცეცხლის პროვოცირების მიზნით ან შეიძლება პირდაპირ დაესხან დამკვირვებლებს და მოკლან კიდეც, რათა ამაში აზერბაიჯანი დაადანაშაულონ. გასაგებია, რომ პროვოკატორებისთვის ახალი ომის გაჩაღება მხოლოდ ნაწილია საქმისა. აუცილებელია, რომ ყოველ შემთხვევაში სწრაფად არ იქნას წაგებული. ვინაიდან სომხეთის არმიის საბრძოლო ეფექტურობა, როგორც ეს 44-დღიანმა ომმა და ბოლო შეტაკებებმა აჩვენა, უკიდურესად დაბალ დონეზეა. რევანშისტების სურვილია, რომ ამჯერად სომხეთისთვის ვინმემ იბრძოლოს ან საკუთარი ყოფნით უზრუნველყოს სომხური მხარის დაუსჯელობა. რუსეთი დღევანდელ ვითარებაში, როცა უკრაინის ომშია ჩაფლული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას გააკეთებს. ცხადია, არც ევროპელები დაეხმარებიან სომხეთს რეალურად, თუნდაც ისინი დათანხმდნენ „ევროპელი სამშვიდობოების“ განლაგებას სომხეთში. რჩება ერთი ძალა, რომლის იმედიც რევანშისტებს აქვთ - ირანი. დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაციას განზრახული აქვს „სომეხთა დამცველის“ ესტაფეტა ირანს გადაულოცოს.

 

ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტოლოგთა უმეტესობა ცალსახად აღიქვამს რუსეთს და ირანს, როგორც მოკავშირეებსა და პარტნიორებს. უფრო მეტიც, ამ ტანდემში ირანს აშკარად უმცროსი და „დამოკიდებული“ პარტნიორის როლი დაეკისრა. თუმცა, ბოლო კვირები აჩვენებს რუსეთის ფედერაციისთვის ირანთან ალიანსის მკვეთრად გაზრდილ მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ პრობლემების ფონზე, რაც დღეს რუსეთის არმიას აქვს უკრაინაში.

 

რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმაში, რომელიც 10 ოქტომბერს დაიწყო, ძნელად ექნებოდა რაიმე შედეგი, რომ არა ირანული უპილოტო თვითმფრინავები. თეირანი ასევე დაჰპირდა რუსეთს მიწისზედა რაკეტებს "მიწა-მიწა", გარდა უპილოტო თვითმფრინავების ახალი პარტიისა, მათ შორის Fateh და Zolfagar ტიპის მაღალი სიზუსტის ბალისტიკურ რაკეტებს (დიაპაზონი - 700 კმ). შეთანხმება მიღწეულ იქნა 6 ოქტომბერს, როდესაც ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი, ირანის რევოლუციური გვარდიის ლიდერები და ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მოსკოვს ეწვივნენ, რათა მოლაპარაკება ეწარმოებინათ რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე.

 

ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის მიწოდებამ უკვე გამოიწვია დიპლომატიური სკანდალი და უკრაინა ირანთან ურთიერთობის გაწყვეტის საკითხს აყენებს. ასეა თუ ისე, ირანი იქცევა უკრაინის ომის ფაქტორად, თუმცა ის უკრაინიდან ძალიან შორს მდებარეობს და ირანს უკრაინის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ინტერესები არ გააჩნია. უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ რუსეთის დასუსტებასთან ერთად (იგივე უკრაინის ომის გამო), მკვეთრად გაიზრდება ირანის გავლენა გეოგრაფიულად და ისტორიულად უკიდურესად ახლო სამხრეთ კავკასიაში. თუ არ გაითვალისწინებთ რუსეთის ჯარებს, მაშინ ირანის შეიარაღებული ძალები რეგიონში ერთადერთია, რომელსაც თეორიულად შეუძლია სომეხი ნაციონალისტების „დაცვა“ თეირანისა და ერევნის რეჟიმების დიდი ხნის კავშირების გათვალისწინებით.

 

 2022 წლის 17 ოქტომბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის მისიის განლაგების დაწყების წინ, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) სახმელეთო ძალებმა ჩრდილოეთ საზღვართან ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს.  ეს, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მანევრები, კოდური სახელწოდებით "Ektedar" ("ძალა") მიმდინარეობს აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში (პროვინციის ცენტრი თავრიზი). წვრთნები მოიცავს „ვერტმფრენის ოპერაციას, ღამის სადესანტო ოპერაციას, საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას და (პონტონური) ხიდის მშენებლობას მდინარე არაქსზე. ანუ, თეორიულად ირანის ჯარები მზად არიან ნებისმიერ მომენტში შეიჭრან როგორც ნახიჩევანში, ასევე ზანგეზურსა და ყარაბაღში. საკითხავია მხოლოდ ის თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ასეთი ქმედების პროვოცირება.

 

ნათელია, რომ IRGC აშკარად ვერ იმოქმედებს როგორც ძალა, რომელიც „ანაცვლებს“ რუსეთის ჯარებს სომხეთის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით სამშვიდობოებს აზერბაიჯანულ ყარაბაღში.  პრინციპში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მუსლიმ მოსახლეობას, განსაკუთრებით სამხრეთ აზერბაიჯანელებს, ძალიან გაუჭირდება იმის გაგება, თუ რატომ გამოდის მათი ჯარი სომეხი ტერორისტების მხარეზე მყოფი ჩრდილოეთ აზერბაიჯანელების მუსლიმი ძმების წინააღმდეგ. მაგრამ ირანში "ანტიდასავლური" გრძელვადიანი პროპაგანდის გათვალისწინებით, პროვოკატორებმა შეიძლება სხვაგვარად ითამაშონ. სახელდობრ, არაქსის ჩრდილოეთით ირანის ჯარების შეყვანის სავარაუდო „საჭიროება“ ახსნან სომხების მფარველობით კი არა, თვით ირანის ისლამური რესპუბლიკის მისამართით სავარაუდო „უღვთო დასავლეთის მუქარით“. და აი, სომხეთში ევროპელი დამკვირვებლების განთავსებამ და მათ წინააღმდეგ შესაძლო სომხურმა პროვოკაციებმა შეიძლება შეასრულოს „დეტონატორის“ როლი, რომელიც ააფეთქებს რეგიონს.

 

შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი ინფორმაციით, ასტანაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და ირანის ლიდერის ებრაჰიმ რაისის შეხვედრაზე ამ უკანასკნელმა შეშფოთება გამოხატა სომხეთის ტერიტორიაზე ევროპელი დამკვირვებლების ყოფნის გამო. ირანი კიდევ უფრო უკმაყოფილოა სომხეთში დასავლური „სამშვიდობო“ კონტიგენტის შესაძლო განლაგებით. კერძოდ, ამგვარმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა დაიწყოს სომხური დიასპორების ლობირება პროვოკაციის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს დამკვირვებლებზე თავდასხმას და შესაძლოა მათ სიკვდილსაც კი.

 

ამ შემთხვევაში ირანმა, როგორც „იძულებითმა მშვიდობისმყოფელმა“,  შესაძლოა გადაწყვიტოს თავისი ძალების „პრევენციული შესვლა“ იმავე სომხეთში. ან შეიყვანოს ჯარი  ერთდროულად დასავლური კონტიგენტის პარალელურად, თუმცა სიმბოლურად. უფრო მეტიც, ეს შეყვანა თავის მხრივ შეიძლება მოამზადოს იმავე რუსეთმა, რომელსაც ერთი მხრივ  უკრაინის ომში მონაწილეობისთვის სჭირდება სამხრეთ კავკასიიდან ჯარების „გათავისუფლება“ და მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაცია აშკარად არ არის კმაყოფილი იმით თუ როგორ „ჩააჩოჩა“ ევროკავშირმა რუსეთი სომხურ-აზერბაიჯანული მოგვარების მოდერატორის როლიდან. შემდეგ კი კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში შეიძლება მართლაც გახდეს ახალი მსოფლიო ომის კერა.

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერევანში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები ქვეყანას არ ჩართავენ პროვოკაციებში, რომელიც გამოიწვევს მის გეოპოლიტიკურ კატასტროფას და მსოფლიოს პოლიტიკური რუქიდან გაქრობას. მაგრამ პროვოკაციების საფრთხე მაინც სათანადოდ უნდა შეფასდეს.

 

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები