პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს სიძლიერეა, განაგრძოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ, რუსეთის ქმედებები მას ვერ შეაჩერებს, უნდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ

22.11.22 10:40


რუსეთმა სცადა, გამოეყენებინა ჯერ გაყინული კონფლიქტი და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები იმისათვის, რომ შეეჩერებინა ჩვენი სვლა ევროპისკენ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. ვფიქრობ, საქართველოს სიძლიერეა, განაგრძოს საკუთარი გზა ევროპისა და ნატო-სკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.

 

„ბიბისის“ ჟურნალისტმა პარალელი გაავლო უკრაინის დონბასის რეგიონთან და სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჰკითხა, სამუდამოდ დაკარგულია თუ არა ეს რეგიონები საქართველოსთვის, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

 

„შეგიძლიათ ნებისმიერ ქართველს ჰკითხოთ, თუმცა არც ერთი ქართველი ამ კითხვაზე კის არ უპასუხებს. ვფიქრობ, ყველა ქართველისათვის პრინციპის საკითხია იმის თქმა, რომ ეს დასრულებული არაა. ჩვენ ვიცით ისტორია და ისტორიაში გარკვეული რაღაცები იცვლება. ვფიქრობ, დღეს ისე როგორც არასდროს, გეოპოლიტიკის განსხვავებულ ეტაპზე გადავდივართ. ვფიქრობ, ამ ანკლავებში, ამ სეპარატისტულ რეგიონებში უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და აგრესიის შემდეგ, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა, როცა უყურებენ როგორ ექცევა რუსეთი იმ ხალხს, რომლებსაც ძმებს, ან „რუსებსაც“ კი უწოდებდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ბიბისის“ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რუსეთიდან ფინანსდება, ასევე იქ მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას რუსული პასპორტები აქვს და სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები შეახსენა.

 

„დიახ, ეს სეპარატისტული მთავრობის პოზიციაა, მაგრამ რუსეთმა სულ ახლახანს განუცხადა სეპარატისტულ მთავრობას, რომ ამ ბიუჯეტს მკვეთრად შეამცირებდა. რუსეთი მათი გარკვეული ტერიტორიის ოკუპირებას ცდილობს, რომელიც აფხაზეთისთვის პრინციპული საკითხია. მათ სურთ, რომ საკუთარ ტერიტორიებს ფლობდნენ და აფხაზეთის ის ნაწილები, რომლებიც ნამდვილად ყველაზე ნაკლებად არიან დამოკიდებული [რუსეთზე], შეიძლება არ ნატრობდნენ საქართველოსთან კვლავ შემოერთებას, მაგრამ ნამდვილად აღარ ნატრობენ, რუსეთთან შეერთებას.

 

თუ საქართველო არის გზა კეთილდღეობისაკენ, თუ საქართველო არის გზა ევროპისა და დემოკრატიისაკენ, [საქართველოსთან შემოერთება] შეიძლება, გახდეს და ვფიქრობ, რომ აფხაზეთის ახალგაზრდა თაობისთვის უკვე ხდება მიმზიდველი. ჩვენ ამას უნდა ვუყუროთ და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ყველა მიმართულებით ვაჩვენოთ, რომ რუსეთის პროპაგანდა, თითქოს საქართველო [ოკუპირებულ რეგიონებზე] შესაბამის პირობებში სამხედრო ზეწოლას შეეცდება – რუსული ტყუილია! რადგან, საქართველოს ერთი რამ სურს – გაერთიანდეს ამ მოქალაქეებთან, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და არ მოხდეს მხოლოდ ტერიტორიული გაერთიანება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ბიბისის“ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ასევე ბევრი რუსი ტურისტი შემოდის საქართველოში.​ „ეკომონიკური მიზეზებისა და იმის გამო, რომ ისინი ასე ახლოს არიან, თავისთავად, გჭირდებათ უფრო მეტი ბალანსი და მხოლოდ დასავლეთის მკლავებისკენ არ უნდა მიისწაფვოდეთ“, – მიმართა ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო 30 წელია, ამ სიტუაციაშია.

 

„ვფიქრობ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებოდით. ეს [ევროპისაკენ სვლა] 1992 წლიდან დაიწყო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე… რუსეთმა სცადა, გამოეყენებინა ჯერ გაყინული კონფლიქტი და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები იმისათვის, რომ შეეჩერებინა ჩვენი სვლა ევროპისკენ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. და ვფიქრობ, საქართველოს სიძლიერეა, განაგრძოს საკუთარი გზა ევროპისა და ნატო-სკენ! რუსეთის ქმედებები მას ვერ შეაჩერებს! ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კონფრონტაციას ვეძებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კითხვაზე, რას გულისხმობს სიფრთხილეში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო მზადაა, დაემორჩილოს მის ყველა პრეტენზიას.

 

„რომ არ შევუქმნათ რუსეთს შთაბეჭდილება, რომ იმდენად გვეშინია, გვსურს, დავმორჩილდეთ რუსეთის ყველა პრეტენზიას, რაც შესაძლოა, მოხდეს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, ან ოცნება, მნიშვნელოვანია, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენი ევროპული გზა გაამყარონ. ამ თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსზე დადებით პასუხი უნდა გვქონდეს. არ მგონია, რომ შეგვიძლია, მივიღოთ მეორე „არა“, რადგან ეს რუსეთს არასწორ გზავნილს მისცემს, რომ მოულოდნელად, საქართველო ნაცრისფერი ზონა გახდა და რომ ის არ არის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება სურს, არამედ ქვეყანა, რომელსაც ევროპელები სხვა კატეგორიად აღიქვამენ. ასე რომ, ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. სიცხადე ჩვენი საუკეთესო თავდაცვაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ მთავრობა, მმართველი შეიძლება, იმას არ აკეთებდეს, რასაც ის სთავაზობთ, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას მკაფიოდ ილაპარაკა საქართველოს საგარეო კურსზე.

 

„მე ყოველთვის ერთსა და იმავე რიტორიკას არ ვიზიარებ. მესმის, რომ როდესაც მთავრობა ხარ, შესაძლოა, სხვანაირი რიტორიკის გამოყენება მოგიწიოს. სახელმწიფოს მეთაური სხვა თანამდებობაა, სადაც შესაძლოა, შეგიძლია, უფრო თავისუფალი იყო. მაგრამ სანამ აქ შემოგიერთდებოდით, პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციას ვუსმენდი, ის კანდიდატის სტატუსზე, ჩვენს ორიენტაციაზე ძალიან მკაფიო იყო და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიმართებით საქართველოს პოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებს.

 

„ესაა, სადაც რიტორიკაში განვსხვავდები, რადგან ფაქტები ძალიან განსხვავებულია. საქართველო საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს შეუერთდა. ჩვენ გვაქვს ბანკები, რომლებიც ზედმიწევნით ემორჩილებიან სანქციებს, რადგან იციან, რომ მათ საკუთარი რეპუტაციის შენარჩუნება სჭირდებათ და ქვეყანამ ყველა ეს სანქცია შემოიღო ისევე, როგორც ჩვენ ყველა საერთაშორისო რეზოლუციის ნაწილი ვართ, რომელიც გაერო-სა და ყველა სხვა ფორმატში უკრაინასა და რუსეთის დადანაშაულებას შეეხება. ასე რომ, ესაა, სადაც ვამბობ, რომ რიტორიკის საკითხია. არასდროს ვიტყოდი, რომ ჩვენ სანქციების ნაწილი არ ვართ. ჩვენ ეროვნული სანქციები არ გვაქვს და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ის, მაგრამ ფინანსური სანქციების თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ვართ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი საკმაოდ შეწუხებული იყო და მიიჩნევდა, რომ საქართველოს მთავრობას საკმარისი მხარდაჭერა არ გამოუჩენია, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგჯერ ნაწყენი იყო სხვადასხვა ქვეყანაზე.

 

„მე პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, რომ ის საერთაშორისო დიპლომატიურ [ურთიერთობებში], ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყანაზე, და არა მარტო საქართველოზე, ნაწყენი ყოფილა. ჩვენ უკრაინასთან ცალკე საკითხი გვაქვს, რომ უკრაინის მმართველობაში, წამყვან ელიტაში რამდენიმე ქართველი გვყავს, რომლებიც ცოტა ქართულ პოლიტიკას უფრო თამაშობენ, ვიდრე უკრაინულს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ – ყველაფერში არა.

 

„ბევრი ნიუანსია. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ისინი უკრაინის მიმართ სოლიდარობას, საქართველოს  ევროკავშირისკენ ორიენტაციას ხელახლა იმეორებენ. ჩვენ წევრები უნდა გავხდეთ, ეს ჩვენი საბოლოო მიზანია და სხვა პერსპექტივა არ გვაქვს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები