პოლიტიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბაქოში ღონისძიებები გაიმართა

23.11.22 13:30


საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავად, ბაქოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას საიუბილეო თარიღი აღნიშნეს როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საგანგებოდ გამართულ მიღებაზე.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყებაში გამართული საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხალაფ ხალაფოვთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ისტორია თანამედროვე ეპოქაში. ამასთან, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას ყველა სფეროში. საიუბილეო ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი მხოლოდ ხანმოკლე ეპიზოდია იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, რომლის განმავლობაშიც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლობა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელმაც ასახა საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია.

 

სასტუმრო Four Seasons Baku-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ. ქართველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და დასახულ მიზნებზე, ასევე    ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა  დადებითი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში. აღსანიშნავია, რომ პატარაძემ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზეც“.

 

გარდა ამისა, ჰეიდარ ალიევის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, გალა-კონცერტი, რომელსაც 1 700-მდე მაყურებელი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ  როგორც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს-წრეების, კულტურის სფეროს მასმედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისე რიგითი მოქალაქეები. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია და დიდი გამოხმაურება ჰპოვა  აზერბაიჯანულ  მედიაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები