საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სამუშაო კონფერენციას უმასპინძლა

23.11.22 15:00


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან  და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად,  უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სამუშაო კონფერენციას უმასპინძლა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო უცხოეთში ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას, ქართულ საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სახელმწიფოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით და როგორც დაგეგმილ, ისე მიმდინარე პროექტებს. ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტეგრირებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესების გზებზე.

 

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რომელსაც ისინი ეწევიან უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად. ვლადიმერ კონსტატინიდიმ ასევე აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლი საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში სწავლების პროცესის, განსაკუთრებით კი ქართული ენის სწავლებისა და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობაში.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, თურქეთი, იტალია, ესპანეთი, კანადა, კვიპროსი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ყაზახეთი, შვეიცარია.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150-მდე ქართული საკვირაო სკოლაა.

 

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები