პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც არის პოლარიზაცია, მაგრამ ისინი არიან დემოკრატიულ სამყაროში, აქვთ ძლიერი ინსტიტუტები, ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და არც მათდამი პატივისცემა

24.11.22 14:20


12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, გზა, რომ ჩვენ საბოლოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის.

 

„მართლმსაჯულებიდან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი – ადამიანის უფლებების, ბიზნესის დაცვა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, მოსმენების აუცილებლობის დადგენა. მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა, როდესაც ამ ძალიან არაევროპულ კანონს დავადე ვეტო. ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება. ყველაფერი ის, რასაც ვეძახით დემოკრატიას, გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არ არის მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არ არის და ვართ იმის თუ ამის ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ამიტომ არის ეს სამუშაო და თქვენი რეკომენდაციები, ესოდენ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია შემცირდეს. ასევე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების სიძლიერე.

 

„ასევე, მართლმსაჯულებაზე, მის რეფორმაზე შეთანხმება არის საშუალება, რომ შევასრულოთ ის, რაც არ ვიცით, როგორ უნდა შესრულდეს, ანუ დეპოლარიზაცია. არა მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, არავინ იცის. გზამკვლევსა და მოთხოვნებშიც არ წერია კონკრეტულად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ნათელია, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. ამ კონსენსუსის მიღწევაა მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი, რის გარეშეც ყველაფერი ფუჭი იქნება, რადგან მაშინ ჩვენ ვერაფერზე შევთანხმდებით. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, შეიძლება, პირველად პარტიები და ხელისუფლება შეძლებენ, საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ. სამწუხაროდ, ახლო ისტორიაში ძალიან ხშირად ეს ვერ შევძელით. ეს არის ის, რაც გვაფიქრებს არა იმიტომ, რომ ვინმემ ჩაწერა რომელიმე რეკომენდაციაში, რეზოლუციაში ან მოგვმართა ამ კუთხით, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელია. თუ არ არის ეს მინიმალური კონსენსუსი, ქვეყანა ვერ განვითარდება. შეიძლება, დღეს სხვა ქვეყნებშიც არის არანაკლები პოლარიზაცია. ვუყურებთ ძლიერ, ნაკლებად ძლიერ ქვეყნებს, იქაც იგივე პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ქვეყნები უკვე არიან დემოკრატიულ სამყაროში და მათთვის არსებობს მთავარი დამცველი მექანიზმი, ეს არის ინსტიტუტების ძლიერება. არის ჯებირები, რაც გიცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, რომ ის არ გადავიდეს სხვა რამეში, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულება საქართველოსთვის უცხო არ არის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ამ მხრივ წინსვლა ჰქონდეს.

 

„მართლმსაჯულება ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, ეს არის ის, რაც მოდის ქართული ტრადიციებიდან. არ არსებობს ქართული რეგიონი, სადაც არ იყო მართლმსაჯულების ადგილობრივი ფორმები. გუშინ, სასახლეში ჩავატარეთ სვანეთის დღეები და ძალიან საინტერესო იყო ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა იქაურ ტრადიციებს და მედიატორის ინსტიტუტს. შემდგომაც, თუნდაც ძალიან რთულ პერიოდში, ეს იქნებოდა რუსული იმპერიის დროს თუ იგივე საბჭოთა კავშირშიც კი, არსებობდნენ ძალიან ცნობილი იურისტები. გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი, რომელმაც დაწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. ის ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ნიშანდობლივია და გვახსენებს, სად ვიყავით და სად ვართ. ახლა ვართ იმ პირველ ნაბიჯზე, ვითომც დღეს დავიბადეთ, გვეუბნებიან, აბა, მოდით და იმუშავეთ ამ კუთხით, შეიძლება, რაღაცას მივაღწიოთო. ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენში არის ამის პოტენციალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები