პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი - განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის უნიკალური პროექტის, „პირველი არხი განათლების“ პროგრამა განახლდება და ორიენტირებული იქნება მეტ შემეცნებით გადაცემაზე

01.12.22 17:20


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება იმ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის განხორციელდა.

 

„ახალი სასწავლო წელი სკოლებში მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ისტორიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გადაამუშავა საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა შესაბამისი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ისტორიას  უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან“, – განაცხადა მინისტრმა.

 

განათლების მინისტრის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად სწავლობენ.

 

„სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, პროექტში ჩართულია 4 000-ზე მეტი გადამზადებული პედაგოგი, რომლებიც სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილებს ატარებენ. ამასთან, მომზადებულია შესაბამისი ელექტრონული სასწავლო რესურსი, რომლის განვითარება მოსწავლეთა პროგრესის შესაბამისად მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება დაიწყო, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის  300-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. მოსწავლეებს გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული სხვადასხვა წოდების მქონე  მოქმედი სამხედრო ოფიცრები უტარებენ“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, გაფართოვდა საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბი. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, პროექტში ამჟამად 40 სკოლაა ჩართული.

 

„კურსის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, საერთაშორისო მისიები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

ამასთან, განათლების მინისტრმა ხაზი გაუსვა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის მიმართულებებს, ე.წ. თეგ რაგბი, ანუ უკონტაქტო რაგბი დაემატა. მისი თქმით, 4 000 გადამზადებული სპორტის მასწავლებელი, რაგბის ელემენტების გამოყენებით სპეციალური ვარჯიშებით უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის სწორ ფიზიკურ განვითარებას.

 

როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო გახდა და სკოლებში დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნების განვითარებასა და გაძლიერებას.

 

მინისტრის განცხადებით, მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობისთვის 2022-2023 სასწავლო წლიდან საპილოტე 50 სკოლის V-VI კლასის მოსწავლეები, გრიფირებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, დამატებით მაკმილანის გამომცემლობის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით სარგებლობენ.

 

„საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 60-ზე მეტი ინგლისური ენის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელი. პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი პროფილი და თვალი ადევნონ პროგრესს“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში პროექტებით სწავლების დანერგვის ხელშეწყობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტები ხელოვნებასა და მუსიკაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტებით სწავლება მიმდინარეობს ასევე სამოქალაქო განათლების მიმართულებითაც და თითოეულ საგანში პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით ხდება.

 

ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის,მიისტრის ცნობით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახლდა მოსწავლეთა ახალგაზრდული ბანაკები და 2023 წლისთვის აღნიშნული ინიციატივის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.

 

რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით შექმნილ უნიკალურ პროექტს „პირველი არხი განათლება“, აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის განახლდება აღნიშნული ტელეარხის პროგრამა და ორიენტირებული იქნება საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი შემეცნებითი ხასიათის გადაცემების შეთავაზებაზე.

 

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ქართველი მოსწავლეების წარმატებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ასპარეზზე ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას.

 

„ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველწლიურად ტარდება ათასწლეულის ინოვაციის შესანიშნავი კონკურსი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგების, ინჟინრებისა და გამომგონებლების ხელშეწყობას ემსახურება. აღნიშნულ კონკურსში პირველ ადგილზე გასული მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებიან. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სკოლებში ძლიერდება სოციალური კომპონენტი. განათლების სისტემაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესებში მოსწავლეების ჩართულობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას. სისტემაში სოციალური მუშაკებისა და მანდატურების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 85 საჯარო სკოლას ჰყავს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას უწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე განათლების სისტემაში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები