პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: 2008 წელს საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი თავდასხმას არ განახორციელებდა

25.05.16 15:10


„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ პირველი დღე ნატოს მიეძღვნა, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდა. პირველ სესიაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ: ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუოზას ოლეკასი, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იაკუბ ლანდოვსკი, უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი ლევან დოლიძე და მოდერატორი, „გლობალ ნიუსის“ მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი ტომ კლარკი.

ლიტვის თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი ქმედებებია საჭირო.

იუოზას ოლეკასმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო შეასრულებს ყველა მოთხოვნას, ის ალიანსის წევრი გახდება.

„საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ – ქვეყანაში განხორციელდა სამხედრო და დემოკრატიული რეფორმები. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ აქ საქმე არ ეხება იმას, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. აქ უფრო მნიშვნელოვანია, თუ როდის მოხდება ეს. ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

ლევან დოლიძემ საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ევროპა დემოკრატიისა და განვითარების გარანტია, ხოლო პროპაგანდის საუკეთესო შემაკავებელი საშუალება ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მტკიცე და მხარდამჭერი გადაწყვეტილებების მიღება იქნება.

„მაშინ, როდესაც ვარშავის სამიტისთვის მზადების ეტაპზე ალიანსის მოკავშირეები, ძირითადად, გადართულნი არიან შესაძლებლობების გაძლიერებაზე და აღმოსავლეთის მიმართულების ნატოს წევრი სახელმწიფოების დაცვაზე, ამგვარი დისკუსიებით ჩვენ გავამახვილებთ მოკავშირეების ყურადღებას არა მხოლოდ მეხუთე მუხლის არეალში მიმდინარე პროცესებზე, არამედ, იმის საჭიროებაზე, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი აღმოსავლეთ მიმართულებით პარტნიორი ასპირანტების მიმართაც. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე, არამედ, ზოგადად რეგიონის, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე. თითქმის ყველა მომხსენებელი ერთხმად შეთანხმდა, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, თუ არ გავაძლიერებთ უსაფრთხოებას ალიანსის სამეზობლოში“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

„2008 წელს საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი თავდასხმას არ განახორციელებდა“, – აღნიშნა გენერალმა ბენ ჰოჯესმა სესიაზე გამოსვლისას. მისი განცხადებით, აშშ-ის ევროპული სარდლობა კვლავ დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რადგან ევროპის უსაფრთხოება კავკასიიდან იწყება. ორივე პარალელური სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შემაჯამებელ შეხვედრაზე შეიკრიბებიან და პოზიციებს შეაჯერებენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები