პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე - არავინ ცვლის ქვეყნის კურსს, ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება

23.01.23 15:30


ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული - არავინ ცვლის ქვეყნის კურსს, ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, ევროპული კურსის მხარდასაჭერი აქცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიმართა, ხალხმრავალი იმიტომ, იყო, რომ პოლიტიკური ძალების მიერ არ იყო ორგანიზებული, არამედ ეს იყო ზოგადად ეროვნული სულისკვეთების გამოხატვა, რომლის თანაზიარიც, მისივე თქმით, იყო და არის ხელისუფლება. მათიკაშვილი აცხადებს, რომ წარმატებული ვერ იქნება იმ "პოლიტიკური დაჯგუფებების" გეგმები, რომლებიც საკუთარ დღის წესრიგს ტყუილზე აგებენ და არც ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ.

 

"უამრავი სპეკულაცია, ტყუილი და საკუთარი დღის წესრიგის ხალხის დღის წესრიგად გასაღების მცდელობა გვაქვს მოსმენილი და ნანახიც რადიკალური ოპოზიციისგან. ქართული საზოგადოებისთვის არახალია "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული ჯგუფების სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, ქაოსი შემოიტანონ და ქვეყნის განვითარების მდგრადი ტემპი შეაფერხონ, აქამდეც ყოფილა არაერთი ასეთი მცდელობა, მაგრამ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული, რეალურად ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით ამ პარტიების მხარდაჭერა ნულის ტოლია და იდეები, რომლებსაც ეს ბატონები აჟღერებენ, არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ არჩევანი, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას გულისხმობს, გაკეთებულია ძალიან დიდი ხნის წინ. სწორედ "ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდგომ იქნა პირდაპირ დაფიქსირებული, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია სწორედ ევროპა და ევროკავშირია და ძალა, რომელმაც ამ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა, იყო "ნაციონალური მოძრაობა". ამ რადიკალურ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი, ზოგიერთი პირი ისევ ცდილობს საკუთარი ტყუილები მოახვიოს საზოგადოებას თავს და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ძალებს, ასევე იმ ნებისმიერ პირს, ვისაც სურვილი აღმოაჩნდება, რომ ქვეყნის მდგრად, მშვიდ დემოკრატიულ სვლას ევროკავშირისკენ ხელი შეუშალოს. იმის გამო, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის ტყუილი და არავინ ცვლის ქვეყნის კურსს, საგარეო პოლიტიკური ვექტორი სწორედ "ქართული ოცნების" მიერ არის განსაზღვრული კონსტიტუციურ დონეზე, ამიტომ ასეთ ტყუილებს ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება და ის მარცხისთვის არის განწირული,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები