პოლიტიკა

პრეზიდენტი კობახიძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

24.01.23 12:40


როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

 

„ამჯერად საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას – საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან, იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.

 

დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას წინ უძღოდა, დღეს, 23 იანვარს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ განცხადების გავრცელება. თავის განცხადებაში ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება CNN-ის ინტერვიუს ევროკომისიის პრეზიდენტთან და აცხადებს, რომ სიცრუის ტირაჟირებაში საქართველოს პრეზიდენტიც აიყოლიეს.

 

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენის მაგივრად მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გახმიანებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ.

 

„ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!” — ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ 20 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები