პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

24.01.23 14:00


საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გამართეს.

 

დეპუტატებს პრემიერ-მინისტრთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

 

„კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციონერი დეპუტატები შემდეგი კითხვებით მიმართავენ:

 

რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება? რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც? რამდენადაც სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტები არ გაგვაჩნია, გვიპასუხეთ, გაიზარდა თუ არა ქვეყნის საფრთხეები და გამოწვევები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე და რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს მთავრობა ან როგორ იყენებს შესაძლებლობებს იქნება ეს ჩვენს რეგიონში, თუ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის კუთხით?

 

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ, კერძოდ კი, 2016 წლიდან მოყოლებული ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ნატო და ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას უწევენ საქართველოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ამ საკითხებზე აქტიური მუშაობის საჭიროება. გთხოვთ განგვიმარტოთ, სადაა საქართველო ამ კუთხით, რა ნაბიჯები გადაიდგა თქვენი პრემიერობის პირობებში ეროვნული მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად?

 

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ორი ამოცანა გააჩნია: შეკავება და თავდაცვა. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, როგორ აფასებთ საქართველოს თავდაცვის ამ ორი ამოცანის შესრულების რეალურ მდგომარეობას? რატომ არის ქართული ოცნების მმართველობის ათი წლის თავზე გაზრდილი საფრთხეების და გამოწვევების ფონზე თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში რადიკალურად შემცირებული (1.6% 2023წ)?

 

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან ერთი წლის თავზე

 

რა მოიმოქმედეთ, რათა დასავლელ პარტნიორებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სხვა სტრატეგიული პარტნიორებთან და ნატო, ევროკავშირთან) მჭიდრო კოორდინაციით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება მომხდარიყო?

 

როდის აპირებთ საქართველოს პარლამენტის No07-3/99, 21.07.2021 რეზოლუციით მოწოდებული დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავებას, ისევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას?

 

დოკუმენტში, რომლითაც დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ, ნათქვამია, რომ „საქართველოს, ჩვენი კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. იმავდროულად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და მაკოორდინირებელი ორგანოს- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში არ ხდება კანონით გათვალისწინებული საკითხების რეგულარული განხილვები, რაც პრემიერის უშუალო პასუხისმგებლობაა“.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები