პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - სამართლებრივი აბსურდი გრძელდება

26.01.23 15:30


„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ მათ საქმესთან დაკავშირებით დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი.

 

„ეს სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ. ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურას წერილობით აქვს, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, დადასტურებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ საკითხზე რომც ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია, წერილობით აქვთ დადასტურებული, რომ ამაზე არ გვედავებიან და არ გვედავებოდნენ, არც გვიკამათია ამ საკითხზე. რაზეც ბრალს გვდებენ, აბსოლუტურად ნონსენსია. კითხეთ ნებისმიერ იურისტის, ან პირველი კურსის სტუდენტს - ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამ არსად წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა გაიმეორეს თუთიყუშივით. მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და ის, რომ 4 წელია ეს სასამართლო მიმდინარეობს, ჩვენ კი არ ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე - ფულის გათეთრება არ არსებობს. ამ თემასთან და ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა ბრალდება ჩვენ წინაშე არ ყოფილა. ერთადერთი რაზეც გვედავებოდნენ იყო ფულის გათეთრება, რომელიც არ ყოფილა. ეს არც პირველ და და არც მეორე ინსტანციაში არ დადასტურდა. რაც ახლა გამოიგონეს და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაადასტურეს, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

მისივე თქმით, ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

„ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში. ეს არის გრძელი გზა. უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, შალვა თადუმაძე, რომელიც იყო გენპროკურორი და დაიწყო საქმე ჩვენ წინააღმდეგ. ახლა მივდივართ, მოსამართლეს თადუმაძესთან. ეს არის აბსურდის თეატრი, აბსურდის ქვეყანა. თითოეულ მოქალაქეს ვპირდებით, რომ ბრძოლა არ გაჩერდება ერთი წამით. მე და ბადრი ჯაფარიძემ ამ ბრძოლაში შემოსვლა გადავწყვიტეთ და ეს გაგრძელდება. არ შეშინდეთ მეგობრებო, ეს ბრძოლა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა!“- განაცხადა ხაზარაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები