მსოფლიო

ფაშინიანი ერდოღანს ესაუბრა – სომხეთი თურქეთში მაშველებს გზავნის

08.02.23 14:00


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

 

ოფიციალური ცნობითვე, ფაშინიანმა სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს და ხალხს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.

 

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და დასძინა, რომ თვითმფრინავი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის სამაშველო ძალებს სტიქიის ზონაში გადაჰყავს, ერევნის “ზვარტნოცის” აეროპორტიდან ასაფრენად ემზადება.

 

სომხეთის მთავრობის ცნობითვე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას და ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისითაც.

 

6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები