ეკონომიკა

საქართველოში მკურნალობის ფასები გაიზარდა

10.11.16 16:15


საქართველოში ჯანდაცვის სფეროში ფასები 2%-ით გაიზარდა, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ფასების ზრდა ასევე შეიმჩნევა სასურსათო და უალკოჰოლო სასმელებზე (0,7%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (3%), განათლების სფეროში (0,5%), კომუნალურ მომსახურებაზე (0,3%), ტრანსპორტის სფეროში (0,3%). ამავე დროს, ფასები შემცირდა თამბაქოსა და სპირტიან სასმელებზე (0,2%), ავეჯზე, საოჯახო მოწყობილობებზე, სახლის მოვლის საშუალებებზე (0,6%).

საანგარიშო პერიოდში ფასები არ შეცვლილა დასვენების, გართობისა და კულტურის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების, კავშირგაბმულობის სფეროებში, სხვა საქონელსა და მომსახურებაზე.

2016 წლის ოქტომბერში ინფლაციამ საქართველოში 0,5% შეადგინა. 2016 წლის ოქტომბერში, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, დეფლაციის დონემ საქართველოში 0,2% შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ინფლაციას 4,3%-ის დონეზე პროგნოზირებს. 2016 წლისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი, ინფლაციიდან გამომდინარე, 4%-ს შეადგენს.

მიმდინარე პროგნოზებით, შემდეგ კვარტალში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი გააგრძელებს შემცირებას და დროებით მიმდინარე წლის მიზნობრივი დონის (5%) ქვევით იქნება. 2017 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შეადგენს, რომელიც მომავალ წელს 4%-ის დონეზეა დაგეგმილი.

წლიური გამოთვლით, ოქტომბერში ფასები გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (10,9%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (0,2%), ჯანდაცვის სფეროში (1,3%), კავშირგაბმულობის სფეროში (3,9%), სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების სფეროში (2,8%), განათლების სფეროში (0,8%) და სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე (0,7%).

ამავდროულად, ფასები შემცირდა ტრანსპორტის სფეროში (6,7%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (5,2%), კომუნალურ მომსახურებაზე (0,7%), ავეჯზე, სახლის მოწყობილობებზე, სახლის მოვლის საშუალებებზე (3,9) და დასვენების, გართობისა და კულტურის სფეროებში (0,7%).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები