პოლიტიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მხარდამჭერებს შეხვდა

17.03.23 16:30


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის აქტიურ მხარდამჭერებს შეხვდა, სადაც თანამოაზრეებთან 9 აპრილს 17:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.

 

„ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარდამჭერებთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ფეისბუქ“ გვერდზე დარეგისტრირებული თანამოაზრეები იყვნენ.

 

მათივე ცნობით, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ჩაგდებული რუსული კანონი შეაჯამა და „ქართული ოცნების“ მიერ 7-8 მარტის დარბევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„შეხვედრაზე სტრასბურგში პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართული სხდომის დეტალები განიხილეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მომხრეებს ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმა გააცნო“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

„ეს გახლავთ პირველი შეხვედრა, სადაც ადამიანები დარეგისტრირდნენ და ვხვდებით 9 აპრილის ღონისძიების ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ცხადია, უახლოეს დღეებში, დედაქალაქიდან დაწყებული, რეგიონებით გაგრძელებული, ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას. ჩვენ მთელი საქართველოდან ვაპირებთ, რომ 9 აპრილს სრულიად საქართველო შეიკრიბოს და თქვას - არა რუსულ მთავრობას! ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირის, ცივილიზებული სამყაროს ოჯახის წევრი. ძალიან საინტერესო კითხვები ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდით, მაგრამ ძალიან ბევრი აქვთ ჩვენი პარტიისა და საკუთარი ქვეყნისთვის გაკეთებული და მსგავსი შეხვედრები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდით ბროსეს N6-ში, სადაც მიმდინარეობს რეგისტრაცია და ფორმირება ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ავაშენოთ ეს პარტიაც, ეს ქვეყანაც და საბოლოო ჯამში, გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრები და ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას”,- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები