პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი - ოლივერ ვარჰეის გადავეცით მზაობა, რომ პარლამენტი ეცდება, დისკუსია ფართო ჩართულობით გაგრძელდეს და საქართველომ უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა

21.03.23 16:40


გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის გადავეცით ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, დისკუსია ყველა მონაწილის ჩართულობით გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის პირველი ნაწილი ევროკომისიაში შეხვედრებს მოიცავს, მეორე ნაწილი კი არის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელ წელს ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში. ორად არის ვიზიტი გაყოფილი: პირველი ნაწილი ეთმობა ჩემს შეხვედრებს ევროკომისიაში როგორც კომისრებთან, ისე სხვა პასუხისმგებელ პირებთან, ხოლო ვიზიტის მეორე ნაწილი არის საქართველო-ნატო-ს კომისია, რომელიც გაიმართება კვირის მეორე ნახევარში.

 

დღეს დავიწყე შეხვედრები, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გაფართოების საკითხებში კომისართან, ბატონ ვარჰეისთან. ჩვენ ის ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც უკვე გატარდა, რომლებიც უკვე დასრულდა. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ ვენეციის კომისიისგან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ამ კონკრეტული რეკომენდაციების გარშემო უკვე პარლამენტში პოლიტიკური პროცესია. მე გადავეცი კომისარს ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, ფართო ჩართულობით, ამ პროცესის ყველა მონაწილის ჩართულობით ეს დისკუსია გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

მისივე თქმით, თავის მხრივ, ევროკომისრისგან მიიღეს ტრადიციულად მხარდამჭერი გზავნილები.

 

„ჩვენ სრულად გავუზიარეთ კომისარს ინფორმაცია გაწეული სამუშაოს შესახებ. მისგან, რა თქმა უნდა, ტრადიციულად მივიღეთ ძალიან მხარდამჭერი გზავნილები და მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ ის ძალიან დაინტერესდა გაწეული სამუშაოს დეტალებით და სამომავლო გეგმებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები