პოლიტიკა

თეონა აქუბარდია პრემიერს - თქვენ ახალი ტერმინი შემოგვთავაზეთ - „უკრაინიზაცია“, რას ნიშნავს უკრაინიზაცია და ვინ არის აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ - რუსეთი თუ დასავლეთი?

24.03.23 14:40


ისე გამოვიდა, „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო“. გეკითხებოდით ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და თქვენ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე ისაუბრეთ - თქვენ წარსულში ჩარჩენილი პრემიერი ხართ! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

 

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, პრემიერი მომავალზე, რომელიც ხალხის დაკვეთაა,არაფერს ამბობს.

 

„ისე გამოვიდა, „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო“. გეკითხებოდით ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და თქვენ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე ისაუბრეთ 20 + 20 წუთი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ ვის ინტერესებს ემსახურებით. თქვენ ახალი ტერმინიც კი შემოგვთავაზეთ - „უკრაინიზაცია“. აქ კითხვა ბუნებრივად ჩნდება, რას ნიშნავს უკრაინიზაცია და ვინ არის აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი თუ დასავლეთი? აქ ვერ მოვისმინე, რომ ამ პროცესებში, ისევე როგორც საქართველოში, რუსეთი არის აგრესორი და საფრთხის შემცვლელი, მათ შორის ჩვენთვის. თქვენ ისაუბრეთ „მეხუთე კოლონაზე“, ცნობილი იყო, რომ „მეხუთე კოლონა“ კრემლისაა და „მეხუთე კოლონის“ მიზანია საქართველოს ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ნატო-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ შეცვალოს მოცემულობა. თქვენ როცა „მეხუთე კოლონაზე“, არასამთავრობო სექტორზე საუბრობთ, ყველა იმ ხალხზე, ვინც ქვეყნის საგარეო ვექტორს ვიცავდით, დასავლეთი ხომ არ არის ამ შემთხვევაში, „მეხუთე კოლონის“ მხარდამჭერი, თქვენს აღქმაში, ვიდრე რუსეთი?! თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი არის ბირთვული #1 ძალა. იქნებ მაჩვენოთ, სად ამოიკითხეთ, რომ რუსეთი #1 ძალაა? იქნებ, ისიც გვითხრათ, რომ რუსეთს ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, რაც ტყუილია? თუ შეიძლება განმიმარტოთ, როდესაც მეორე ფრონტის თქვენს პროპაგანდას კრემლი, ოკუპირებული რეგიონების დე -ფაქტო ლიდერები იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და თქვენ გაქებენ, როგორც რუსი პროპაგანდისტები, ასევე ლავროვი და პესკოვი, უხერხულობის გრძნობა ხომ არ გიჩნდებათ? როდესაც მტერი გაქებთ და მეგობარი გაკრიტიკებთ, ესეც საინტერესო იქნება რომ გვითხრათ.

 

ასევე, ახლა რომ უნდა შეხვდეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და რომელიც ღიად ამბობს, რომ ხედავს მცდელობას ქვეყნის ევროპული კურსის გადახვევის, რომელსაც ხალხი მხარს უჭერს და ამ საფრთხეს ის ხედავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან. რას აპირებთ, რომ უთხრათ? ამ პროპაგანდით აპირებთ მასთანაც საუბარს, თუ შეცვლით ნარატივებს? იმიტომ, რომ თქვენ წარსულში ჩარჩენილი პრემიერი ხართ, წარსულზე ლაპარაკობთ მუდმივად და იმ მომავალზე რომელიც ხალხის დაკვეთაა, ქვეყნის ინტერესია, არაფერს საუბრობთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები