საზოგადოება

ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს

27.03.23 11:00


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს და კიევ-პეჩერის ლავრის საკითხზე „დაძაბულობის განმუხტვას“.

 

წერილში ილია მეორე გულისტკივილს გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომის და „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამო“.

 

„ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის. ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას“, — ნათქვამია წერილში.
ილია მეორე ხაზს უსვამს დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩერის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც.

 

„ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი — ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას“, — ნათქვამია ილია მეორის წერილში.

 

რა ხდება კიევ-პეჩერის ლავრაში?

 

უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალია არ უღიარებია.

 

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა უკრაინაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის. კიევ-პეჩერის ლავრა, ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი, ბოლო დრომდე სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია იყო.

 

გასული წლის ბოლოს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა, უმაღლეს რადას შესთავაზოს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 სასულიერო პირს მოქალაქეობა შეუჩერა.

 

კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილმა წინამძღოლმა ონოფრემ გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ მას შემდეგ, რაც მისმა ლიდერმა, პატრიარქმა კირილმა მხარი დაუჭირა რუსეთის ომს უკრაინაში. თუმცა კიევის მთავრობას არ სჯერა, რომ ეკლესიამ სრულად დაასრულა დამოკიდებულება მოსკოვის საპატრიარქოზე.

 

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებმა და მღვდლებმა უნდა გაათავისუფლონ კიევ-პეჩერის ლავრის ყველა შენობა 29 მარტამდე.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები