ეკონომიკა

საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება

11.11.16 15:15


სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერეს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპათმა სახელმწიფო კანცელარიაში.

მემორანდუმში განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების არსებულ პერსპექტივებს ვაჭრობის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას ხსენებული მიზნის მისაღწევად.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

მემორანდუმში ასევე საუბარია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის დარგში სასწავლო ტრენინგების მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების მოღვაწეობა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი „ტატა ჯგუფზე“ გაკეთდა, რომლის ინვესტიციები აჭარაში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურს მშენებლობაში 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან 27 პროცენტით გაიზარდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, 29 პროცენტით მოიმატა ინდოეთში ექსპორტის მაჩვენებელმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 964


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები