პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

16.05.23 12:20


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართა.

 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და პატივს მივაგებთ აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწისა და ისტორიული პიროვნების, თანამედროვე აზერბაიჯანის დამაარსებლის ჰეიდარ ალიევის ხსოვნასა და მემკვიდრეობას.

 

ადამიანი მისი საქმით ფასდება. პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი გახლდათ ეროვნული ლიდერი, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი შეასრულა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის საწყისი რთული წლების შემდეგ, ბატონმა ალიევმა გააძლიერა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული სულისკვეთება, ხელი შეუწყო ეროვნულ გამოღვიძებას და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. სხვადასხვა მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებით, მან ქვეყანა ძლიერ, სტაბილურ და წარმატებულ სახელმწიფოდ გარდაქმნა. შედეგად, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მსოფლიოში ყველაზე ღირებული – საკუთარი ერის გული მოიგო.

 

პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი მხარდამჭერი იყო. მისმა მნიშვნელოვანმა როლმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების გაძლიერებაში ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობა მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად აქცია, რომელსაც ჩვენი მთავრობა განსაკუთრებით აფასებს. ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტები, რომლებსაც საფუძველი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევითა და პრეზიდენტ ალიევის გამორჩეული ლიდერობით ჩაეყარა, დიდი სტრატეგიული ხედვის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.

 

პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა ლიდერებმა შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი შორსმჭვრეტელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებმაც ძველი სავაჭრო მარშრუტები თანდათან აღადგინეს და რომლებიც დღესდღეობით ევროპასა და აზიას შორის საკვანძო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენენ. ასე რომ, დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე საუბარიც სწორედ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ბრძნული გადაწყვეტილებების დამსახურებით არის შესაძლებელი.

 

ჰეიდარ ალიევმა, ისტორიულმა სახელმწიფო მოღვაწემ და გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, საერთაშორისო არენაზე ცნობილი, შორსმჭვრეტელი და პატივსაცემი ლიდერის სახელი დაიმკვიდრა. მან დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება მისაბაძი. ამ მდიდარი მემკვიდრეობის საფუძველზე, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის შემდგომი განვითარებისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა.

 

ამ ღირსშესანიშნავ და ისტორიულ დღეს, მსურს, აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები