პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი - ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მზად ვართ, უმრავლესობასთან მოლაპარაკებები გავმართოთ ჩვენ მიერ შეთანხმებულ იუსტიციის საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატზე

17.05.23 14:20


ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მზად ვართ, შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს და მოლაპარაკებები გავმართოთ ჩვენ მიერ შეთანხმებულ ხუთ კანდიდატზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, უმრავლესობის მიდგომა მათი პიარული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

 

„უმრავლესობა აპირებს, დღეს ჩაატაროს კენჭისყრა იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად ან ჩასაგდებად. დეკემბერშივე აპირებდნენ ამ საკითხის მოცილებას. მათ არ უნდათ, რომ იუსტიციის საბჭოში აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი და მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც სასამართლო სისტემაში შექმნილ ჩაკეტილ კლანურ სისტემას გაარღვევენ. ამიტომ უარი თქვეს ჩვენ მიერ შეთავაზებულ ყველაზე გონივრული შეთანხმების მოდელზე. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მზად ვართ, ჩვენი შეთანხმებული და ხუთ ვაკანსიაზე შეჯერებული ხუთი კანდიდატით შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოვლენ თავისი კანდიდატებით და გავმართოთ მოლაპარაკებები.

 

ვინაიდან არჩევას სჭირდება 90 ხმა, აუცილებელია უმრავლესობის და ოპოზიციის შეჯერება. ჩვენ ამისთვის ვიყავით და ვართ მზად. ხელისუფლებისგან გვესმის ულტიმატუმები. ხუთი თვე არაფერს აკეთებდნენ და ხვალ საღამომდე მოგვიტანეთ კანდიდატებიო. ეს არ არის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მიდგომა, ეს მათი პიარული ინტერესებიდან გამომდინარე მიდგომაა. ჩვენ გვაქვს ორი თითქმის თანაბარმნიშვნელოვანი ინტერესი. პირველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემაში შევიდეს ხუთი თუ არა, რამდენიმე დამოუკიდებელი მაღალი რანგის პროფესიონალი, შევასრულოთ 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, რომ მართლმსაჯულების სისტემაში დაიწყოს ფუნდამენტური რეფორმები. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვისაც, გონივრული კომპრომისისთვისაც. ცხადია, ვერ ვიქნებით მზად, ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატები კრიტიკის საგანი გახადონ და არანაირი პირობა არ იყოს შეჯერებაზე. მზად ვართ, შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს და ვისაუბროთ ჩვენ მიერ გამოვლენილ ხუთ კანდიდატზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები