პოლიტიკა

ოთარ შამუგია საქართველოში FAO-ს წარმომადგენელს, რაიმუნდ იელეს შეხვდა

08.06.23 14:30


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს, რაიმუნდ იელეს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, FAO სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი ხორციელდება.

 

„ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება; ასევე დიდია დონორთა მხრიდან აღნიშნული მიმართულების ფინანსური მხარდაჭერა. მეტი შედეგის მისაღწევად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მხარეების კოორდინირებულ მუშაობას. ჩვენთვის დასაფასებელია, რომ FAO-ს ყველა პროექტი სამინისტროს ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული, რაც მათ ეფექტიანობას განაპირობებს. გამომდინარე აქედან, მჯერა, რომ შედეგიანი და წარმატებული იქნება ის ახალი პროგრამებიც, რომლებსაც ახლო მომავალში FAO-ს მხარდაჭერით განვახორციელებთ“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა წარმოების ხელშეწყობის, აკვაკულტურის, თხილისა და მეცხოველეობის სექტორების განვითარებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე, ასევე, სოფლის განვითარების ხელშეწყობასა და პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირებაზე.

 

როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO გააგრძელებს ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას. საგრანტო პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში განხორციელდება, მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დახმარება და სტიმული იქნება, რაც რეალურ შედეგებს მოიტანს.

 

სამუშაო შეხვედრას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და FAO-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები