პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

09.06.23 13:30


სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და ჩართულობა აღნიშნა.

 

„თეა ახვლედიანმა საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე მიმდინარე ოკუპაციის შედეგები მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება, რუსიფიკაციის პოლიტიკის განხორციელება და სხვ.

 

სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების, ასევე ძალისხმევის შემდგომი გაძლიერებისა და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, მათ შორის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების და საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თეა ახვლედიანმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, რომელიც არსებული გამოწვევების მიუხედავად ეფექტიანად ხორციელდება, ვინაიდან იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს. „მეტად მნიშვნელოვანი იყო დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე მსჯელობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო 30 წელზე მეტია, რაც განიცდის როგორც ჰიბრიდული, ასევე რუსული აგრესიის და უკვე 15 წლიანი მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის მოპოვების, თავისუფალი არჩევანის სუვერენული უფლების და მშვიდობის, ისევე როგორც მისი შენარჩუნების ფასი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად ახორციელებს ინტენსიურ ძალისხმევას, ეროვნული ინტერესების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანახმად და ევროპულ ოჯახში ჩვენი დამსახურებული ადგილის დამკვიდრების მიზნით. სწორედ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი რთული ვითარების, განვითარებული მოვლენების, უმძიმესი ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის დეტალურად განხილვასთან ერთად, ჩვენ ვიმსჯელეთ სამშვიდობო ინიციატივების დღესდღეობით არსებულ შედეგებზე და ჩვენს სამომავლო ხედვაზე, რაც უმთავრესია შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მიღწევის გზაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ურყევად და მტკიცედ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა. დასასრულს, უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი და სანდო წევრი, საქართველო ყოველთვის იყო ნაკისრი ვალდებულებების ერთგული და კვლავ გააგრძელებს მათ შესრულებას, როგორც დემოკრატიული რეფორმების კუთხით რეგიონში ლიდერი ქვეყანა, იმ მიზნით, რომ განაგრძოს ურყევი სვლა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყანაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები