პოლიტიკა

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დღეს ჩამოდის

26.06.23 10:00


სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

 

„ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

ვიზიტის ფარგლებში, ხვალიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან. დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.

 

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები