პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ესკალაცია რუსეთთან, გარისკოს ომი რუსეთთან

26.06.23 15:00


ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ესკალაცია რუსეთთან, გარისკოს ომი რუსეთთან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში არ დადასტურებულა სანქციების გვერდის ავლაში რუსეთისთვის დახმარების არც ერთი ფაქტი და განაცხადა, რომ ამისთვის საქართველოს საბაჟო სამსახურები ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით კარგად არიან აღჭურვილები.

 

ის ასევე მიესალმა საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ჩამოსვლას და აღნიშნა, რომ ო'სალივანს ექნება შესაძლებლობა თავად ნახოს რამდენად მომზადებულია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები.

 

„არც ერთი კითხვის ნიშანი საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს. ჩვენ პირველი დღიდან რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისა ვთქვით რა არის ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მივყვებით კეთილსინდისიერად. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ჩვენ არ ვუშვებთ, საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა. უფრო მეტიც, დაახლოებით 1300-მდე საზღვრის კვეთა, გადაზიდვა შეჩერდა იმიტომ, რომ იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ან ისეთი საგნები, რომლებიც სანქციის ქვეშ იყო. სხვათა შორის გამომგზავნები იყვნენ მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთი და იქ უნდა ვეძებოთ სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში. რაც შეეხება საქართველოს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდეს, რომ იყოს შუალედური წერტილი გადაზიდვის, არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა და მეორე განზომილება, რომ საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ამასთან დაკავშირებით ჩვენ პარტნიორებთანაც ხშირად გვქონდა საუბარი და გაგებაც არის პარტნიორების მხრიდან, ვინაიდან ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ესკალაცია რუსეთთან ანუ გარისკოს ომი რუსეთთან, ეს არის ორჯერ ორი ოთხი.

 

რაც შეეხება ვიზიტს, თავისთავად მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მას ექნება კიდევ ერთხელ შესაძლებლობა ნახოს თუ რამდენად არის მომზადებული ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის ისე რისკების გამოვლენის კუთხით იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიის გამოყენების და სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მცდელობა, აქ დიდი დახმარება გვქონდა ჩვენ როგორც ევროკავშირიდან ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მათ შორის, რომ ბაზებთან გვქონოდა წვდომა. ჩვენს საბაჟო სამსახურებს ჰყავს უკვე სპეციალისტები, რომლებიც ამა თუ იმ ბაზაში მუშაობენ, მოკვლევა შეუძლიათ და გარდა ამისა ტექნიკური აღჭურვილობა, სკანერები და ა.შ. რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ტვირთის უფრო დეტალური შემოწმება მოხდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვევა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები