პოლიტიკა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

26.06.23 16:30


თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კომიტეტს, რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ტექნიკური შეთანხმების დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლანა ცანავამ წარუდგინა.

 

მან დეტალურად ისაუბრა პროექტზე - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“.

 

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს საშუალება მიეცემათ განთავსდნენ საბერძნეთის საზღვაო ძალების იმ ხომალდებზე, რომლებიც ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ მიიღებენ მონაწილეობას. ოპერაციის მთავარ მიზანს ზღვაზე ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, წარმოდგენილი შეთანხმება მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის მოსამსახურეებს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, საქართველო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოკავშირე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობა ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

 

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა დეპუტატებს მეორე მოსმენით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და იგი უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილების განხორციელებას, რასაც სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოყოფის შემდეგ, კანონის გარდამავალი დებულების თანახმად, ისედაც ახორციელებდა.

 

თენგიზ შარმანაშვილმა ასევე მეორე მოსმენით „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

 

სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები