პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით - ამ მხრივ საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი

26.06.23 17:30


ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით და მეორე, სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობის ნაწილში. ამ მხრივ საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოში სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, როგორც ევროკავშირიდან, ასევე აშშ-სა და ბრიტანეთიდან.

 

დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მოახდინეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობის პრევენცია.

 

„საზოგადოებაში დიდი ინტერესია ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობა, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ეს არის, ასევე, აშშ-დან ბატონი ო’ბრაიენის ვიზიტი და ასევე, ბრიტანეთიდან ბატონი აიერის ვიზიტი. ეს სამი ძირითადი ქვეყანათა ჯგუფია, რომელიც დღეს სანქციებს აწესებს და სანქციებს აახლებს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით და მეორე, სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობის ნაწილში. ამ კუთხით საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის, ბრიტანეთისთვის და ამაზე ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან - პირადად მე, საბაჟო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ. ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა, არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნებისთვის. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის, ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. ასევე, მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და აქაც, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინფორმაციის ურთიერთ გაცვლის კუთხით, ასევე, იმისთვის, რომ სანქციები იყოს სწორად აღსრულებული.

 

ჩვენ გვაქვს არაერთი ტრენინგი, შეხვედრა და სემინარი იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ინტერპრეტაცია, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, ამას სჭირდება სწორი გაიდლაინები და მათი სწორად მიტანა აღმასრულებელ ოფიცრებამდე. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი ფორმატი და ზუსტად ამ საკითხებზე იქნება საუბარი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევაჯამებთ სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოს",- განაცხადა დავითაშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველო ალბათ, მიიღებს კიდევ ერთხელ მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან, იმ ნაწილში, თუ როგორ მაღალ დონეზე და მაღალი პროფესიონალიზმით უჭერენ ქართული სტრუქტურები მხარს სანქციების აღსრულების ნაწილში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები