საზოგადოება

საქართველოში გიორგობის დღესასწაულს ზეიმობენ

23.11.16 16:15


ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 23 ნოემბერს წმიდა გიორგის ხსენების დღეს ანუ გიორგობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლერსიაში აღევლინება.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღნიშნავენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.

დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.

წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში. გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს გამქრისტიანებლმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.

წმიდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება. წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები