ანალიტიკა

მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)

03.10.23 15:20


ნაწილი 3

 

საქართველოში სომეხთა შემოსვლის ახალი დიდი ტალღა XV-XVI საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდისათვის მათ სახელმწიფოებრიობა უკვე კარგა ხნის დაკარგული ჰქონდათ და მრავალი სომეხი ტოვებდა ისტორიულ სამშობლოს, ვინაიდან იქ მათ ეროვნულ-პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით ავიწროებდნენ. ისინი სხვა ქვეყნებში, და უფრო ხშირად საქართველოში ჰპოვებდნენ თავშესაფარს. სომხეთთან სიახლოვის გამო სომეხი ლტოლვილები ძირითადში სომხეთის მოსაზღვრე საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონში სახლდებოდნენ. სომეხთა მასიური გადმოსახლების მეოთხე დიდი ტალღა საქართველოში, ირანში სეფიანთა დინასტიის გაძლიერებას, შაჰ-აბას I-ის ამიერკავკასიაში შემოსევას და მისი ბატონობის პერიოდს უკავშირდება, როცა იგი სომხეთის ტერიტორიაზე ერევნის სახანოს აარსებს. ერევნის სახანო 1604 წელს დააარსა შაჰ-აბას I-მა აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე, რომლის ცენტრი იყო არარატის ველი ქ. ერევნითურთ.

 

ლორე-ბამბაკის მხარის უდავოდ ქართულ კუთვნილებასა და მის უდიდეს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე დიდი ივანე ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 1919 წელს წერდა: ,,ის, რომ ძველ დროშიც ქართველებს კარგად ესმოდათ ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილის უდიდესი როლი და მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საქართველოს დაცვის საქმეში ეს იქიდანაც ჩანს, რომ საქართველოს მეფეებმა ჯერ ამ მხარის უცხო დამპყრობელთაგან გათავისუფლება დაისახეს ამოცანად, და მხოლოდ იმის შემდეგ რაც თბილისის სამხრეთით მდებარე მიწები დაიბრუნეს, დაიწყეს საქართველოს დედაქალაქის განთავისუფლებისათვის ბრძოლა. თბილისის აღების შემდეგაც საქართველოს ეს ნაწილი მით უმეტეს არ კარგავდა თავის დიდ მნიშვნელობას. ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ლორეს ციხე-სიმაგრე საქართველოს ჯარების მთავარსარდლისა დ სამხედრო მინისტრის, ამირსპასალარის ,,დაჯდომის ადგილს”, ანუ, რეზიდენციას წარმოადგენდა”.

ერთ- ერთი სომეხი ავტორი სომეხთაგან ,,ვანქის’’ სახელით წოდებულ ეკლესიაზე, ინტერნეტ-საიტზე წერს: ,,ამ ფერდობზე მდებარეობს მშვენიერი, მოწითალო ფერის თლილი ქვებით ნაგები ჰნე-ვანქის ეკლესია, რომელიც ქართველთა მეფის დიდი მხედართმთავრების - ეროვნებით სომხების, ზაქარია და ივანე ზაქარიანების საკუთრება იყო. ისინი მონოფიზიტები იყვნენ და მათი შვილები ამ მიწებზე არსებული სომხური სამეფოს მმართველებს წარმოადგენდნენ. მათი საგვარეულო საძვალეც აქ მდებარობს. ამ ეკლესიაზე არსებული ქართული წარწერებიც სწორედ ამას ადასტურებენ”.

 

მოცემულ ციტატაში თამარის ეპოქის დიდ ქართველ მხედართმთავრებზე, ზაქარია და ივანე მხარგრძელებზეა საუბარი. სომეხთა იდეოლოგიური ვარიაციებით ისინი გვარით ზაქარიანებად, ხოლო აღმსარებლობის მიხედვით, გრიგორიანელ მონოფიზიტებად და ცხადია, სომხებად არიან მოხსენიებულნი. აქ კიდევ ერთი სომხური, მაგრამ უკვე ძალიან გაცვეთილი ეშმაკობაა ნახმარი. მხარგრძელების მონოფიზიტობაზე აპელირება სხვა არაფერია, თუ არა მათი სომხებად წარმოჩენისა და შესაბამისად ლორეს სომხურ კუთვნილებად წარმოჩენის უსუსური მცდელობა.

 

კარგადაა ცნობილი, რომ რელიგიური სეპარაცია და აღმსარებლობის ეროვნულობასთან იდენტიფიცირება მხოლოდ ზოგიერთ ხალხშია გავრცელებული. მსოფლიოს არც ერთი სხვა ხალხი არ აღიარებს გრიგორიანულ მონოფიზიტობას სომხების გარდა. XIX საუკუნის შუა წლებამდე (სხვათა შორის, დღესაც) ბუნებაში პრაქტიკულად არ არსებობდა არასომეხი ეროვნების ადამიანი, რომელიც კონფესიურად მონოფიზიტი გრიგორიანელი ყოფილიყოს.

 

ცნება, ,,გრიგორიანელი მონოფიზიტი - სომეხი”, ფაქტიურად განუყოფელია. ქართლ-კახეთის სამეფოსა და ერევნის სახანოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის შემდეგ, სწორედ ამიტომ ცდილობდნენ სომხები მოსაზღვრე ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის გრიგორიანულ მონოფიზიტობაზე მოქცევას და შემდგომ მათ სომხებად გამოცხადებას, რასაც რუსული ცარიზმიც დიდი ენთუზიაზმით უჭერდა მხარს სომხური ლოიალობისა და Divide et Impera-ს პრინციპზე დაყრდნობით.

 

ამ ისტორიულ ფენომენს სომეხი ავტორები, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ უტყუარი წყაროები ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ ამაზე. ,,ცარიზმის ადგილობრივმა მოხელეებმა ახალციხის მოსახლეობას აუკრძალეს ქართულ ეკლესიებში მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვის შესრულება და სომხური ენა გააბატონეს,” - იტყობინებოდა გაზეთი ,,ივერია” 1891 წელს’’. ხოლო იაკობ ხუციანოვმა (ხუციშვილი), პეტრე ხარისჭარაშვილმა (კონსტანტინეპოლში ქართული მონასტრისა და სასულიერო სასწავლებლის დამაარსებელი), მიხეილ თამარაშვილმა, ალიოზ ბათმანაშვილმა, ანდრია წინამძღვრიშვილმა და სხვებმა, აშკარად განაცხადეს: ,,ჩვენი ფიზიონომია, ყოფაქცევა, წმინდა ქართული სახელები დედაკაცებისა, სასაფლაოების ქართულად წარწერანი ცხადად ამტკიცებენ ჩვენს ვინაობას, ძალად ვერ გავუსომხებივართ დღემდის და ახლა რისთვის სომხობა უნდა ვიკისროთ... სომხური ტიპიკონი (წირვა-ლოცვა), ჩვენ ქართველ კათოლიკებს ვერ გაგვასომხებს ისე, როგორც რუსები, ფრანგები, პოლონელები და სხვა ეროვნების ხალხები ბერძნებად, ან რომაელებად არ გახდებიან... ჩვენი ერი, როგორც გრძელტოტებიანი, დიდი ხნის ხეზე გასული ვაზი, ხშირად გაუტაცნია, შეურყევია და აუკლია ქარიშხალს, მაგრამ ნიადაგიდან ამოგლეჯა მისი კი ვერ შეძლებია”.

 

თამარის მეფობის შემდგომაც, უწყვეტად, ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი, ანუ, ლორებამბაკ-ტაშირი ქართული სახელმწიფოსა და ქართველთა კუთვნილება იყო მუდამ. ,,ორბელები აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულოს წარმოადგენდნენ XII-XIII საუკუნეებში. თავდაპირველად ისინი ორბეთის ციხეს ფლობდნენ (დღევანდელი თეთრიწყაროს რნი) და სწორედ აქედან წარმოდგება მათი გვარიც.

 

განსაკუთრებით დაწინაურდნენ ორბელები დემეტრე I-ისა და დავით დემეტრეს ძის მეფობისას, როცა მათმა გვარმა მემკვიდრეობით მიიღო ამირსპასალარის სახელი, ხოლო საგამგებლო ქვეყნად - ლორე. ორბელების სახლის მეთაური - ივანე ორბელი ერთდროულად დაეუფლა ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის სახელს და გიორგი III-ის დროს ანისის გამგებელიც კი იყო, ხოლო მისი ძმა - ლიპარიტ ორბელი, ჯერ ამირახორი და შემდეგ ქართლის ერისთავი გახდა, მაგრამ ორბელები ამასაც არ დასჯერდნენ და გიორგი III-ის ნაცვლად ივანე ორბელის სიძის, დემნა უფლისწულის გამეფებით სურდათ სამეფო კარზე და სამეფოში თავიანთი უპირველესი მდგომარეობის საბოლოოდ განმტკიცება.

 

აზერბაიჯანის ათაბაგთან დახმარებისათვის გაგზავნილი ლიპარიტ სუმბათის ძე და მისი ძენი გადაურჩნენ. მათგან მხოლოდ ივანე დააბრუნეს თამარის დროს საქართველოში ფიცით, მაგრამ მამისეული ქონებიდან მხოლოდ ორბეთი დაუბრუნეს. თამარის დროსვე დააბრუნეს საქართველოში ლიპარიტის შვილიშვილი ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელი, რომელსაც საგანმგებლოდ სივნიეთი (დღევანდელი სომხეთის სამხრეთის პროვინცია ,,სუინიკი’’, იგივე ზანგეზური) უბოძეს. ორბელების ამ შტომ, რომელიც მოგვიანებით გასომხდა, მისცა სწორედ დასაბამი სომეხ ორბელებს”.

 

სამწუხაროდ, ჩვენ მართლაც რომ ენციკლოპედიურ ჭეშმარიტებების შესახებ გვიხდება მეტად უსაგნო და თავისთავად ცხადი ფაქტების კონსტატაცია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საქმე მაინც აუცილებელია. ანბანური ჭეშმარიტებების პერიოდული გამეორება დროებით მაინც შეანელებს იმ აღვირახსნილი უმეცრებისა და უზნეობის ნიაღვარს, რაც ასე მძლავრად მოსჩქეფს სომეხი ავტორებისა და ვაი-მეცნიერებისაგან.

 

XVIII საუკუნის დასაწყისისისათვის ერევნის სახანოში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. ამ ბრძოლაში სომხებს მხარს უჭერდა ქართლის მეფე ვახტანგ VI და განჯის მოსახლეობაც. ხოლო ერეკლე II-ისა და გიორგი XIIის მეფობის პერიოდში ქართლ-კახეთის სამეფოში სომეხთა შემოსვლის შენიღბული თვალთმაქცური პოლიტიკა ზუსტადაა შეფასებული ბატონ იაკობ ახუაშვილის მიერ: ,,სომხებმა ერთდროულად ორ სკამზე იწყეს ჯდომა, ორმაგი კავშირის შეკვრის ეშმაკური გზა აირჩიეს. ერთის მხრივ, მეფე ერეკლე II-თან ან გიორგი მეფესთან თვალთმაქცობდნენ, საქართველოში შემოიხიზნებოდნენ ხოლმე, ვითარცა დევნილნი და აქ შედარებით მყუდრო თავშესაფარს ჰპოვებდნენ, იმავე დროს, მეორეს მხრივ კი, იდუმალ რუსეთის მფარველობას ამოეფარებოდნენ ხოლმე და საქართველოში რუსეთის მთავრობის დახმარებით თავიანთ საქმეს იკეთებდნენ.  აღამაჰმადხანის შემოსევის შემდგომაც და აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთნ შეერთების დროსაც ე.წ. ,,სომხითი“, ბორჩალო, ბამბაკი, ყაზახი და შამშადილი საქართველოს უცილობელს კუთვნილებას შეადგენდა და შურაგელიც მას ეკუთვნოდა (Дубровинъ. Истор. I, том III, 381-382)

 

1800 წლისთვის საქართველოში მცხოვრები სომხების რაოდენობა რამდენიმე ათას ოჯახს არ აღემატებოდა და მათი წილი ქართული სამეფო-სამთავროების მთლიან მოსახლეობაში უმნიშვნელო იყო. სომხების უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში ცხოვრობდა, მათი საქმიანობის ძირითად სფეროს ვაჭრობა და ხელოსნობა წარმოადგენდა, ასევე იყვნენ სახელმწიფო სამსახურში და ზოგჯერ ქართველ მეფე-მთავართა დიპლომატიურ დავალებებსაც ასრულებდნენ. გვიან შუა საუკუნეებში სომხები უკვე კარგად იყვნენ ინტეგრირებული ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში.

 

XIX საუკუნიდან დაწყებული სომეხთა მშვიდობიანი ექსპანსიის პოლიტიკა ახალ ფაზაში შევიდა. საქართველოს ტერიტორიებზე სომეხთა ჩამოსახლების ეს პროცესები რუსეთის იმპერიული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენდა, რაც რეალურად სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მშვიდობიანი ანექსია. რუსეთ-ირანის ომების დროს (1804-1813 წ.წ., 1826-1828 წ.წ.) ერევნის სახანოში ფართოდ გაიშალა სახალხო მოძრაობა რუსეთთან შეერთების მოთხოვნით, რასაც თავის მხრივ ბიძგს უკვე რუსეთის ფარგლებში მოქცეული საქართველოც აძლევდა. 1828 წლის თურქმენჩაის ზავით, ერევნის სახანო რუსეთს შეუერთდა”.

 

ლუის ნალბანდიანი: ,,სომეხთა ოცნებას ავტონომიური ,,რუსეთის სომხური პროვინციის“ შექმნა წარმოადგენდა მეფის სუზერენიტეტის ქვეშ. მაგრამ სომხები მალე მიხვდნენ, რომ მათი ჩრდილოელი მეზობლის მიზნები სულაც არ იყო ისეთი ალტრუისტული, როგორც ეს თავიდან ჩანდა. მათ მწარედ გაუცრუვდათ იმედები, როცა მეფე ნიკოლაიმ თავისი 1828 წლის 21 მარტის განკარგულებით ახლადდაპყრობილი ტერიტორიების ანექსია მოახდინა. ამ ტერიტორიებს ,,სომხური პროვინციები“ ეწოდა, იმპერატორის რეგალიებს კი, ,,სომხეთის მეფის“ ტიტული დაემატა. 1836 წლის 23 ნოემბრის სტატუტით სომხებს საეკლესიო და საგანმანათლებლო საქმეში ნომინალური თვითმმართველობის ხარისხი მიენიჭათ“.

 

მოყვანილ ამონარიდში რუსეთის იმპერატორის ტიტულთან მიმართებაში, ავტორი საკითხის გარკვეულ უტრირებას ახდენს. ნიკოლაი პირველის სრული ტიტულატურა იყო ,,სრულიად რუსეთის იმპერატორი, პოლონეთის მეფე (სრულიად რუსეთის იმპერატორებს შორის, სხვათა შორის, ერთადერთი მეფედ კურთხეული პოლონელი მონარქი) და ფინეთის დიდი მთავარი“. არავითარი ,,სომხეთის მეფის“ ტიტულს ნიკოლაი პირველი არ ფლობდა თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაწყებული 1118 წლიდან, არავითარი ,,სომხეთის ან სომხური სახელმწიფო“ ამიერკავკასიაში აღარ არსებობდა.

 

ლუის ნალბანდიანის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მეორე სომეხი ავტორი, საბჭოთა რუსეთისა და ე.წ. ,,მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის“ პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ,,არწახის გმირი“ ზორი ბალაიანი, თავის ნაშრომში ,,Очаг‖ (,,კერა“), ხაზს უსვამს რუსული ფაქტორის როლს და მნიშვნელობას სომეხთა ამიერკავკასიაში გადმოსახლებისა და მათი კეთილდღეობის პროცესებზე. იგი წერს: ,,რომ არ ყოფილიყო 1828 წლის თურქმენჩაის ზავი, არ ყოფილიყვნენ გრიბოედოვი და აბოვიანი, არ ყოფილიყო რუსი ჯარისკაცი, არ იქნებოდა ასეულობით ახლადშექმნილი სომხური კერა, რომლებიც დღეისათვის უკვე სოფლებად და ქალაქებად არიან ქცეული. მხოლოდ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში (60-70-იანი წლები) აქ 200 ათასი სომეხი გადმოსახლდა“.

 

 აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ობიექტურად და მართლად აშუქებს სომეხთა საქართველოში შემოსვლისა და მათი აქ დასახლების პროცესს აშოტ მელქონიანი, ახალქალაქში დაბადებული და გაზრდილი სომეხი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. თავის სტატიაში ,,Уроки Армяно-Грузинских отношений и проблема Джавакха― (,,სომხურ-ქართული ურთიერთობის გაკვეთილები და ჯავაკხის პრობლემა“), იგი წერს: ,,V საუკუნის მეორე ნახევარში, ვარდან მამიკონიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე ანტისპარსული აჯანყების დამარცხების შემდეგ, მამიკონიანთა მოდგმის რიგმა გავლენიანმა ოჯახებმა პოლიტიკური თავშესაფარი ქართველ დიდებულებთან ნახეს... VII საუკუნის დასაწყისამდე სომეხთა ახალ მიგრაციებს ქართლსა და კახეთში ხელი შეუწყო თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობისათვის რაიმე სახის შეზღუდვების უქონლობამ და ქართველებთან რელიგიურმა თავსებადობამ. სომეხთა ახალ გადასახლებებს საქართველოში, სომეხთა ანტიარაბული აჯანყებების დამარცხების შემდეგ, VIII და XIX საუკუნეებში ჰქონდა ადგილი.

 

XII საუკუნეში და XIII საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთი და ცენტრალური სომხეთის სელჩუკთა უღლისგან განთავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში სომხები ქრისტიანულ საქართველოს სამეფოს როგორც განმათავისუფლებელს, ისე აღიქვამდნენ. ამ პერიოდში ორი ხალხის სამხედრო თანამშრომლობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. საქართველოს სამეფო კარის პროტექტორატის ქვეშ მყოფმა სომხეთის განთავისუფლებულმა რაიონებმა სრული თვითმმართველობის უფლება მიიღეს. როგორც თამარ მეფის მეფობის პერიოდში, ასევე მის შემდეგ, საქართველოს სომხეთთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე - ტაიკში (ტაო), სამცხეში, ჯავახკ-ჯავახეთში და ა.შ. შერეული სომხურ-ქართული ნახევრადდამოუკიდებელი სამთავროები შეიქმნა..

 

 

არჩილ ჩაჩხიანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს ომი“

გაგრძელება იქნება

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები