პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე: საუბარი იმაზე, რომ პროკურატურა გამჭვირვალედ არ მუშაობს, არასწორია

28.11.16 17:55


საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ პროკურატურა გამჭვირვალედ არ მუშაობს, არასწორია.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ არსებობს არც ერთი კითხვა, რომელზეც პროკურატურის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული.

„მე ვფიქრობ, რომ შეფასება, რომ პროკურატურა არ არის გამჭვირვალე, არასწორია, ვინაიდან თუნდაც დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორი მოდის დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს წინაშე და წარსდგება დეტალური ანგარიშით, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, სადაც არის საუბარი დეტალურად ჩვენი საქმიანობის თითოეული მიმართულების შესახებ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გამჭვირვალედ არ ვმუშაობთ, არის არასწორი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციების რაოდენობას და ჩვენს მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს, ფაქტობრივად არც ერთი კითხვა არ არსებობს დღეს, სადაც პროკურატურა თუნდაც ჟურნალისტებს არ გასცემს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ჟურნალისტებმა მთავარ პროკურორს ერთი წლის საქმიანობის შეფასება სთხოვეს.

„ჩემი საქმიანობის შეფასებას გვერდს ავუვლი, თუმცა ვიტყვით იმას, რომ ჩემი პირველი დანაპირები იყო ის, რომ ექვსი წლის შემდეგ სხვა ახალ მთავარ პროკურორს გაცილებით დამოუკიდებელ, განვითარებულ და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ პროკურატურას ჩავაბარებთ და ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 775


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები