პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: საქართველოში დღითიდღე უმჯობესდება ბიზნესის კეთების შესაძლებლობები

29.11.16 19:55


ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

“საქართველოში დღითიდღე უმჯობესდება ბიზნესის კეთების შესაძლებლობები. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კუთხით, საქართველო იმკვიდრებს სტაბილური ქვეყნის იმიჯს რეგიონში”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ამერიკაში “ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით გამართულ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული პროდუქტის მოხვედრის გზები იყო, ძირითადი აქცენტი სოფლის მეურნეობის კუთხით გაკეთდა. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ამიტომ ელჩი, გამგზავრებამდე, ამერიკული ბაზრით დაინტერესებულ ყველა კომპანიას შეხვდება.

“ეს არის ასევე ნაწილი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისა, აქედან გამომდინარე, იმ ბიზნესს, რომელსაც აინტერესებს ამერიკული ბაზარი, იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც უკვე წარმოდგენილნი არიან საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ დაველაპარაკოთ იმ ახალ სივრცეებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ვქმნით საქართველოში და იმ შესაძლებლობებზე, რაც ექნებათ ქართულ კომპანიებს ამერიკულ ბაზარზე.

ზოგადად, საქართველოში დღითიდღე უმჯობესდება ბიზნესის კეთების შესაძლებლობები.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კუთხით, საქართველო იმკვიდრებს სტაბილური ქვეყნის იმიჯს რეგიონში, რაც ქმნის ძალიან კარგ შესაძლებლობებს. ჩვენი განვითარების 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, რომელიც გააჩნია მთავრობას, იქმნება ახალი შესაძლებლობები, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე სხვადასხვა სფეროს განვითარებისათვის, რომელსაც მაქსიმალურად მივაწვდით ამერიკულ მხარეს.

თქვენ იცით,რომ ამერიკული კომპანია დღეს არის თანამონაწილე ანაკლიის პორტის მშენებლობისა და აქედან გამომდინარე, არის კიდევ ბევრი შესაძლებლობა, რომელთაც წარმატებულ კომპანიებთან ერთად გავაცნობთ ინვესტორებს“,- განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1117


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები