პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი ბელგიაში სტოლტენბერგს შეხვდება

30.11.16 16:40


საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიაში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილი მისი შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ნატო გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან და სხვა.

პარასკევს კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში.

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მანამდე, 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა. საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

გადაწყვეტილების მიღებას მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია შეეწინააღმდეგნენ.

მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს. ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება.

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში. თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1063


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები