პოლიტიკა

ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს

01.12.23 11:40


სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს.

 

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ეძლეოდა სალომე ზურაბიშვილს უფლება გუშინ, თსუ-ში სტუდენტებთან კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ესაუბრა.

 

„პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა იოსელიანმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და პეტიციაზე ხელის მოწერას.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

 

თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პრეზიდენტის ბრალდება უარყო.

 

თუმცა მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს შეხვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან დამონტაჟებული იყო ბანერი წარწერით: „ჩვენი ხმა ევროპას“, აქვე განთავსებულია მაგიდა ფურცლებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პეტიციაზე ხელი მოეწერათ. პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესსაც დააკვირდა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები