საზოგადოება

2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 მილიონი ვიზიტორი ეწვია - სააგენტო

29.12.23 17:40


საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2023 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია - ამის შესახებ ცნობილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშიდან გახდა, რომელიც სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკოტურიზმის განვითარებისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ 2023 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეკოტურიზმის განვითარების მიზნით განახორციელა.

 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს 15 დაცულ ტერიტორიაზე დაიწყო და მიმდინარეობს ეკოტურისტული სამუშაოები, რომელთა მიზანიც მოგზაურობის გამრავალფეროვნება და უსაფრთხოებაა.

 

“დაინერგა უნიკალური სერვისები, მათ შორის, მარტვილის კანიონზე მოეწყო 3D განათების სისტემები. აღინიშნა, რომ მარტვილის კანიონმა ვიზიტორთა რაოდენობით მოწინავე ადგილი დაიკავა”, - ნათქვამია ანგარიშში.

 

შეხვედრაზე აღინიშნა მიღწეული შედეგები ბუნების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART პატრულირების სისტემის წარმატებით დანერგვას. SMART პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო ოპერატიულსა და ეფექტიანს ხდის რეინჯერთა პატრულირებას. ხაზი გაესვა SMART სისტემის დანერგვაში რეინჯერების როლს, შედეგად წარმატებული რეინჯერები კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ დაჯილდოვდნენ.

 

ხაზი გაესვა ახალი ობიექტების განვითარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ ბალდის კანიონის განვითარება სააგენტოსთვის მიმდინარე პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შემატებს.

 

შეხვედრაზე განიხილეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა და პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პირველ საერთაშორისო სამიტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 20-მდე ქვეყნის 80-მდე დელეგატმა.

 

შემაჯამებელ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების, ასევე პარტნიორი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

bm.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები