ეკონომიკა

იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა 2017 წლის მარტამდე გაგრძელდება

02.12.16 17:40


იპოთეკური სესხების აშშ დოლარიდან ლარში გადაყვანა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ორი თვე გაგრძელდება, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იპოთეკური სესხების გალარება საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის დონის შემცირებას და ეროვნული ვალუტის კურსის მხარდაჭერას. ეროვნული ბანკის 1 ნოემბრის მონაცემებით, ლარში გაცემული კრედიტების მოცულობა მთლიანი სესხების 36,19%-ს შეადგენს, ხოლო დეპოზიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში — მთლიანი დეპოზიტების 30,32%-ს.

სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არა უმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.

ამასთან, ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ სუბსიდირება განხორციელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის საზღვრებში, დანარჩენი თანხა მოვალეს შეუძლია აშშ დოლარში დატოვოს, ან თავისი შეხედულებისამებრ, ლარში გადაიყვანოს. „ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

კრედიტის კონვერტაცია ნებაყოფლობითი პროცესია, აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

ამასთან, განცხადებაში მითითებულია, რომ კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. ბანკი ასევე განმარტავს, რომ სესხების გალარება მოხდება გალარების არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. „კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, — განმარტავენ ეროვნულ ბანკში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1027


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები