ეკონომიკა

ნათია თურნავა - ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად არის შემცირებული

18.01.24 13:50


ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე - „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს“.

 

„ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, მისი თქმით, როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ ნათია თურნავა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, პოლონეთის, ალბანეთის და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

 

ვენაში მიმდინარე ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები საერთაშორისო ინვესტორებთან გამართა და მათ საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები