საზოგადოება

სოფელ მოხეში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის საკამათო საკითხი გადაწყვეტილია

03.12.16 22:45


საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გადაწყვიტა ადიგენის რაიონის მოხეს შენობას, რომლის ირგვლივ ამდენი წლის მანძილზე კამათი მიმდინარეობს, მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სოფელში არაერთხელ ჩატარდა საპროტესტო აქციები-შენობაზე პრეტენზიას როგორც ადგილობრივი მუსლიმები, ისე მართლმადიდებლები აცხადებენ. მღვდელთმსახურები მოითხოვდნენ შენობის საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემას, რადგან მის ადგილას ადრე ქრისტიანული ეკლესია იდგა.

მუსლიმმა თემმა უარი განაცხადა ძველი სალოცავი სახლის გამოსყიდვაზე სახელმწიფოს მხრიდან და შემდგომ მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემაზე, აღნიშნულია განცხადებაში.
„შესაბამისი პროცედურების დაცვით, შენობა ამოირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსიდან და გადავა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე“,-აღნიშნეს სააგენტოში.

მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მოხეს ცენტრში მდებარე შენობის ირგვლივ კამათი ორი წლის წინ დაიწყო. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ სოფელ მოხეში მდებარე საკამათო შენობაში არასდროს არ იყო მეჩეთი და ამიტომ ეს შენობა საპატრიარქოს უნდა გადაეცეს. მეუფე თეოდორეს ინფორმაციით, 1595 წელს საკამათო შენობის ადგილას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობდა, 1920 წელს კი, ახალციხის ოლქის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ეკლესიების ნგრევა და მეჩეთების მშენებლობა დაიწყო. თუმცა მეჩეთის მშენებლობა იმ ადგილას არ დასრულებულა, და, შესაბამისად, იქ არასდროს არ ყოფილა მუსლიმური სამლოცველო. მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, კანონის წინაშე თანასწორია. მისი თქმით, რადგანაც მუსლიმები ამტკიცებენ, რომ ადრე საკამათო შენობაში მეჩეთი იყო, ხოლო ქრისტიანები ამბობენ, რომ ეკლესია, კონფლიქტის არიდების მიზნით ხელისუფლებამ გადაწყვიტა აქ კულტურის დაწესებულებების განთავსება, რადგან XX საუკუნეში იქ კულტურის სახლი მდებარეობდა.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები