ვინ იყო არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი?

05.12.16 15:25


(სომეხთა ჩამოსახლება ჯავახეთში)

რუსეთ-თურქეთის ომის დროს (1828-1829) ოსმალები ეჭვობდნენ, რომ სომხები რუსის ჯარს გაუწევდნენ დახმარებას. მათი ვარაუდი საფუძვლიანი აღმოჩნდა.

ადგილობრივი სომხები, ოსმალოთა ჯარის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ რუსებს, უწევდნენ მეგზურობას. ამის შესახებ სომეხი ისტორიკოსები დუმან, ან ძუნწად აღნიშნავენ, ისევე როგორც პროფესორი კარო ღაფადარიანი:

“ადრიანოპოლის ზავის შემდეგ (1829), როცა რუსის ჯარმა დატოვა კარინი, ყარსი, ბაიაზეთი და ისინი დაუბრუნა თურქებს, ამ პროვინციებში მცხოვრებ სომხებს შეეშინდათ თურქი მტარვალების და მოინდომეს გადასახლება და დამკვიდრება რუსეთის იმპერიაში”.

თურქებმა გაუხსენეს სომხებს განდგომა და სამაგიეროს გადახდა მოინდომეს. იყო შურისძიების შემთხვევები, მაგრამ ეს არ მომხდარა ფართო მასშტაბით, უფრო ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ეს მომენტი გამოიყენა არქიეპისკოპოსმა კარაპეტ ბაგრატუნმა. სიტუაცია უფრო მძიმედ, ტრაგიკულად დახატა, შეადგინა გენერალ ივან პასკევიჩის სახელზე მიმართვა, რომელშიც სთხოვდა, კარინისა და ერზრუმის სომხები რუსეთის იმპერიის საზღვრებში - კერძოდ, ახალციხესა და მის მიმდებარე სოფლებში დაესახლებინა. წამომსვლელთა რიცხვი ჯერ მცირე ყოფილა, შემდეგ სწრაფად გაზრდილა. ამ თხოვნას ხელს აწერდნენ კარინის წარჩინებული პირები - ვართაპეტები, მაჰტესები და ერესფოხანები.

გენერალ პასკევიჩისადმი გაგზავნილ თხოვნაში რამდენიმე პირობა იყო წამოყენებული. მათგან საინტერესოა შემდეგი:

1. ჯავახეთში შემოსახლებული სომხების სოფლებში სხვა ეროვნების (იგულისხმება ქართველობა. - ბ. ა.) ხალხს არ უნდა ეცხოვრა;

2. შემოსახლებულ სომხებს თავიანთი ეროვნული სასამართლო უნდა ჰქონოდათ (ე.ი. სომხური უნდა ყოფილიყო სასამართლოს ოფიციალური ენა. - ბ. ა.);

3. შემოსახლებული სომხები დროებით გადასახადებისგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

მეფის მთავრობამ ამ მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთი შეუსრულა და ისინი რამდენიმე წლით გადასახადებისგან გაათავისუფლა. ფულადი დახმარებაც გაუწია - 25 მანეთი დაურიგა თითოეულ ოჯახს.

რუსეთი სომხებს ერთგულ და საიმედო ძალად მიიჩნევდა, როგორც აპოლიტიკურ ხალხს. ამიტომ ყოველნაირად უწყობდა ხელს არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის, რათა ჯავახეთის ქართულ ძირძველ მიწაზე სომხები მყარად დაემკვიდრებინა.

რუსეთის საზღვრის გასწვრივ იმპერიის ერთგული ხალხის დასახლებით, ეს მხარე საიმედოდ იქნება დაცულიო, განაცხადა მეფე ნიკოლოზ პირველმა მესხეთში მოგზაურობის დროს (1837).

მკითხველს მოკლედ გავაცნობ არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის ბიოგრაფიას (1779-1856). იგი პროვინცია სპერის მკვიდრი იყო. ვინაიდან სპერი ქართველი ბაგრატიონების პირვანდელი სამკვიდრო იყო, ამიტომ აიღო გვარად მისი სომხური ფორმა - ბაგრატუნი (პაპამისი ატარებდა ერზინკ-ოღლის გვარს). წამომსვლელთა პირველ ნაკადს თვითონ წამოუძღვა და როცა ჯავახეთის ქართულ მიწაზე დაადგა ფეხი, ეპისკოპოსის ჯოხი დაჰკრა მიწას და დაიძახა: «შვილებო, სომხური მიწიდან მშობლიურ სომხურ მიწაზე მოვედითო»!

სომეხთა ჯავახეთში შემოსახლების ინიციატორი არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი და გენერალი ვალერიან მადათოვი (ამ საქმეში მას ლომის წილი მიუძღვის) შორს იყურებოდნენ. 1829 წელს, როცა სომხები შემოასახლეს ჯავახეთში, მაშინ აქ 90% ქართველები იყვნენ - ქრისტიანიც და გამუსლიმანებულიც, დანარჩენები - თარაქამები, ქურთები, ებრაელები და, მცირე რაოდენობით - სომხები. აქ შემოსახლების შემდეგ დაირღვა დემოგრაფიული ბალანსი სომხების სასარგებლოდ. ამ ხელოვნურმა ფაქტორმა განსაზღვრა შემდგომ, რომ დაშნაკები, სომეხი ბოლშევიკები და დღეს სეპარატისტები მოითხოვენ - ხან ჯავახეთის ავტონომიას, ხან სულაც მიერთებას სომხეთთან.

კარაპეტ ბაგრატუნის სომხებმა დაუფასეს ამაგი და დღეს მისი ძეგლი ამშვენებს ჯავახეთის ქართულ მიწას - ახალქალაქში.

რუსებმა, ერევნის სახანო რომ შემოიერთეს (1828), მაშინ ამ მხარის გუბერნატორი იყო პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელმაც განუსაზღვრელი ღვაწლი დასდო ერევნის გუბერნიის აღორძინება-აყვავებას.

ვფიქრობ, ქართველი კლასიკოსი პოეტის ძეგლი მართლაც დაამშვენებდა ერევანს. ეს იქნებოდა მადლიერების დასტური, მის მიერ გაღებული ამაგისა სომეხი ხალხის მიმართ.

არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი ეჩმიაძინმა 1837 წელს საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღოლად გაამწესა. ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე.

ჯავახეთში მისი საქმიანობის შესახებ ცნობილია, მაგრამ საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღოლობის წლებში (1837-1856) მისი მოღვაწეობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ვგულისხმობ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას. ეს პიროვნება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღოლობისას (თბილისში, ვანქის ტაძრის ეზოში იყო საეპისკოპოსოს მართვა-გამგეობა) პატიოსნებით არ გამოირჩეოდა. ამას მოწმობს დრამატურგ გალუსტ შერმაზან-ვარდანიანის (1814-1891) პიესა - «ტაიქელი დევნილების წინამძღოლის, ეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის თაღლითური საქმენის აღწერა». პიესა დაწერილია 1830-იან წლებში და დაკარგულად ითვლებოდა 1950-იან წლებამდე. პიესა მატენადარანის საცავში იპოვა მკვლევარმა ასატურ მნაცაკანიანმა, რომელმაც გამოაქვეყნა იგი შესავლითა და კომენტარებით.

გალუსტ-შერმაზან-ვარდანიანი დაიბადა 1814 წელს ძველ ჯულფაში. მამა - არუთინ ვარდანიანი სპარსეთის შაჰის ხაზინას განაგებდა. ერთგული სამსახურისთვის შაჰმა მისცა ტიტული «შერმაზან» და თვითონაც გვარს - ვარდანიანს დაუმატა «შერმაზანი».

მათი ოჯახი 1818 წელს საცხოვრებლად გადავიდა ძველ ნახჭევანში, შემდეგ არქიეპისკოპოს ნერსე აშტარაკეცის მოწვევით - თბილისში. 1825 წელს შევიდა ნერსესიანის სემინარიაში და 1828 წელს დაამთავრა. გალუსტ შერმაზან-ვარდანიანი თბილისის მერადაც კი აირჩიეს 1864-1865 წლებში. სხვათა შორის, იგი იყო პირველი «ახალმოსული» არჩეული ქალაქის მერი, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია თბილისის მოსახლეობაში, რადგანაც, წესისამებრ, მერად ტრადიციულად ირჩევდნენ მხოლოდ ქალაქის მკვიდრს, რომელსაც მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული. გალუსტ შერმაზან-ვარდანიანი კი «ახალმოსული» იყო. მან ეს წინააღმდეგობა გადალახა და ქალაქის მერი გახდა. მის დროს, 1865 წელს, მოხდა «ამქრების» ცნობილი გამოსვლა, რაც გამოწვეული იყო გადასახადების გაზრდით. უკმაყოფილო თბილისელმა ამქრებმა გაფიცვა გამოაცხადეს, რაც არეულობაში გადაიზარდა. გაფიცულები მიეჭრნენ ქალაქის მერს გალუსტ შერმაზან-ვარდანიანს და სახლ-კარი დაურბიეს. ამ დროს განადგურდა მისი ცნობილი ბიბლიოთეკა და ნაწერები, თვითონ სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ბეგარის ამკრეფი ბაჟბეუქ-მელიქოვი კი საკუთარ სახლში მოკლეს. «ამქართა» ამ გამოსვლაში აქტიური მონაწილეობა მიუღია სომხური რეალისტური დრამატურგიის ფუძემდებელს, «პეპოს» ავტორს - გაბრიელ სუნდუკიანს.

გალუსტ შერმაზან-ვარდანიანის ლიტერატურულ მოღვაწეობას რაც შეეხება, გარდა აღნიშნული პიესისა, მას ეკუთვნის «სარიბეკი და გიქო», «ჩემი სასიძო არაზი», «ნაციონალური ქორწილი», «ანეკდოტები... მხიარული საუბრები» და სხვ. ამ ნაწარმოებებში ასახულია სომეხთა ცხოვრება, ბრძოლა ძველსა და ახალ თაობას შორის, ძველი ადათ-წესები, ხალხური სიმღერები და სხვ. მას ეკუთვნის აგრეთვე ენციკლოპედიური სახის ნაშრომი - «ბიოგრაფიები სპარსულიდან გამოსულ სომეხი მოღვაწეების შესახებ»...

როგორც აღვნიშნეთ, გალუსტ შერმაზან-ვარდანიანმა 1830-იან წლებში დაწერა პიესა «ტაიქელი დევნილების წინამძღვრის, ეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის თაღლითური საქმენის აღწერა». პიესა რეალურ ცხოვრებას ასახავს და მისი გმირებიც თავიანთი ნამდვილი გვარ-სახელებით არიან გამოყვანილი. მასში მოქმედი გმირების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი, მაგრამ მთავარი გმირები არიან არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი, თევზის ვაჭარი - მდიდარი მელიქი, თერძების უსტაბაში და სხვ.
არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი ტიპური წარმომადგენელია სომხური მაღალი სასულიერო პირისა, რომელიც ანგარებით გამოირჩევა. «რუსეთის სომხებს შორის ეს არის პირველი კომედია, რომელშიც გადმოცემულია არქიეპისკოპოსის კარაპეტ ბაგრატუნის და მისი მექრთამე მეგობრის, თევზის ვაჭრის მელიქის ვაჭრული მაქინაციები. ეს გენიალური ნაწარმოები ხელნაწერის სახით საიდუმლოდ ხელიდან ხელში გადადიოდა იმ დროის თბილისის ლიტერატორთა შორის. არქიეპისკოპოსმა კარაპეტ ბაგრატუნიმ სთხოვა პოლიცმაისტერს, მოეძებნა კომედიის ავტორი, მაგრამ ვერ მიაგნო პოლიციამ», - წერდა თავის დროზე ალ. ერიციანი.

რა თქმა უნდა, ეს პიესა გენიალური არ არის, როგორც ალ. ერიციანი უწოდებს, მაგრამ გალუსტ შერმაზან-ვარდანიანმა ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა სომხური კლერიკალური საზოგადოების წინააღმდეგ და ამხილა მათი მოჩვენებითი პატიოსნება და სააშკარაოზე გამოიტანა მათი თაღლითური კომერციული საქმიანობა. სხვათა შორის, პიესა დაწერილია თბილისისა და ახალციხის სომხურ დიალექტზე, ამიტომ მასში გვხვდება ქართული სიტყვები: დიახ, ეგება, განა, ძლივ, მაგრამ, მუშტიკრივი, უფრო, ოდა და სხვ.

ძველი თბილისელების დაცინვისა და გაქილიკების საგანი გამხდარა არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი, მისი ანგარებიანი საქმიანობის გამო. ეს კი თბილისის ზეპირსიტყვიერებაშიცაა ასახული. ამის შესახებ წერს თბილისის ისტორიის შესანიშნავი მკვლევარი, პროფ. თეიმურაზ ბერიძე:

«თბილისის სომეხთა ეპარქიის არქიეპისკოპოსს - კარაპეტას ცალი თვალი ჰქონია და მასაც გამოუთქვეს ლექსი:

ქალაქში მოსულა წითელი ბალი,
სომხის არქიელს არა აქვს თვალი».

ალბათ კვლავ გაჩნდება კითხვა: მაინც ვინ იყო არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი?..
(ავტორი: ბონდო არველაძე)

ჟურნალი “ისტორიანი”, 2014 წლის მაისი, #5/41



წყარო: გაზეთი-ისტორიანი

წაკითხულია : 739


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები