პოლიტიკა

სახალხო დამცველმა თბილისის მერიას დასაქმებულთა დარღვეული შრომის უფლების აღდგენის წინადადებით მიმართა

20.02.24 11:11


19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება 10 თვის ვადით იდება.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით დადების საფუძველი არ არსებობს.

 

„დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა, ასევე უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს ფორმალურ საფუძველს, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტოს“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები