პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციას და ვისაც ჩვენ დავუკავშირდით, პრაქტიკულად არც ერთმა არ იცოდა, რომ საბოლოო ვერსიაში ასეთი ჩანაწერი იყო შეტანილი სააკაშვილთან დაკავშირებით

29.02.24 18:11


სენსაცია არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციას და ვისაც ჩვენ დავუკავშირდით, პრაქტიკულად არც ერთმა არ იცოდა, რომ საბოლოო ვერსიაში ასეთი ჩანაწერი იყო შეტანილი სააკაშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება გადავიდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერზე, სინამდვილეში, ეს იყო ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე და რეზოლუცია სწორედ ამასთან დაკავშირებით მიიღო ევროპარლამენტმა. ამ ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული საქართველოს პროგრესის შესახებ, რომ საქართველომ დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის და ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირთან არის შეთანხმებული. ტერმინი „ოკუპაცია“ რომ გაჩნდა ამ დოკუმენტში, ესეც არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. საზოგადოების მხარდაჭერით, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგო საერთაშორისო სასამართლოებში ისეთი საქმეები, რომ ეს ჩანაწერი უკვე გაჩნდა საერთაშორისო რეზოლუციებში.

 

ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არის ცალსახად მხარდამჭერი. პრემიერი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა ბრიუსელში და თვითონაც თქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ ყოფილა ნახსენები, არათუ არ ყოფილა მოთხოვნა მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამ მაღალი დონის შეხვედრებზე. თანამდებობის პირები, მათ შორის ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს და საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სულ სხვა სიტუაციაა ევროპარლამენტში, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიისგან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ძველი ლობისტი და მეგობარი პოლიტიკური ჯგუფებიც არიან იქ. ესენი არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ ორი წლის განმავლობაში არაერთხელ იყვნენ მხილებულები სააკაშვილის პატრონებთან პირდაპირ კავშირში. ამერიკის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გამიზნული ის კონტრაქტიც, რაშიც თითქმის მილიონი ჰქონდა გადახდილი სააკაშვილის ოჯახს. ზუსტად ამ ლობისტური კონტრაქტებით ხდებოდა ამ რეზოლუციების ტექსტების დამუშავება და იქ რაღაც სიტყვების ჩაწერა. გუშინ, ბოლო მომენტში, როდესაც რეზოლუცია უკვე გადის კენჭისყრაზე და ევროპარლამენტის შიდა რეგულაციებით შესაძლებელია, ნებისმიერმა ევროპარლამენტარმა დააინიციროს მცირე ცვლილება და ის მოხვდება რეზოლუციის ტექსტში. სენსაცია არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციას და რომლებსაც ჩვენ დავუკავშირდით, პრაქტიკულად არც ერთმა არ იცოდა, რომ საბოლოო ვერსიაში ასეთი ჩანაწერი იყო შეტანილი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები